„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს
ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ მასთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტა.
აბსანძე კრიტიკული განცხადებებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა, აპროტესტებდა რა ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის მასობრივ ჰომოფობიურ ძალადობას და მთავრობის როლს ამ პროცესში. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას 11 ივლისს დაღუპვაზე შსს-ს მიერ ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის სახელდახელო გაჟღერებას აბსანძე სამინისტროსადმი Facebook-ზე გინებით გამოეხმაურა.
გუშინ აბსანძემ ისიც თქვა, რომ მისი გაშვების გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე, ან შესაძლოა, ერთი ავტორი ჰყავს და რომ მისმა მომხრეებმა კრიტიკა მთელ მაუწყებელზე არ განაზოგადონ. ამასთან, აბსანძემ თქვა, რომ არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი „კონსტრუქციულ ახალ ამბებს ლობირებს ამ სისტემურად ჩამოქცეულ ქვეყანაში.“
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჟურნალისტის გათავისუფლებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ გამოცემა „ნეტგაზეთან“ საუბარში აბსანძესთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.
„კონტრაქტით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს ქცევის წესებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა განაწესს და სოციალურ მედიაში მოქცევის ფორმებს, რომელიც მან იცოდა და რომლის შესახებაც არაერთხელ იყო ინფორმირებული”, – უთხრა გვიმრაძემ „ნეტგაზეთს“.
5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმის შემდეგ, ირაკლი აბსანძემ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ უძღვებოდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკულ განცხადებებთან ერთად მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა, სადაც პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდეც. მედიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ აბსანძე სამართალდამცველებს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პოლიცია მას დამშვიდებისკენ მოუწოდებდა და მიუთითებდა, რომ იგი ნასვამი იყო, რასაც ჟურნალისტი უარყოფდა. დაკავებისას ირაკლი აბსანძემ ხელი მოიტეხა და მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)