მთავრობამ სამკვირიანი შეზღუდვის გეგმა წარადგინა
ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ 12 აგვისტოს დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამკვირიან პერიოდში ქვეყნის მასშტაბით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:
- შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
- კვების ობიექტები ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, 23:00 ს-მდე იმუშავებენ;
- შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
- სრულად იზღუდება ფესტივალები; მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იმართება.
მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სექტორში დასაქმებულები შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდებიან. იგივე რეკომენდაციაა კერძო სექტორის მიმართაც.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები“.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“. აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის შესაბამისი დაწესებულება 10 000 ლარით ჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი – ილუქება.
გიორგი ღიბრაძემ ასევე განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, რომ სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს ცენტრებსა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ ვაქცინაციის ერთი დოზის ან სრული კურსის ცნობით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი ტესტის პასუხებით დაიშვან. მისივე თქმით, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
პრეზიდენტის განცხადება
პანდემიის დამარცხებაში „ერთობისა“ და ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდგორობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
„ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული ეკლესია მუდამ იდგა „პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს“, თუმცა დასძინა, რომ „დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება!“.
„ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ „ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ“, რადგანაც „ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი!“, – დასძინა მანვე.
პრეზიდენტის განცხადება 11 აგვისტოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით გავრცელებულ წერილს მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ „ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი“ და მის მიმართ სასულიერო პირების „დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება“, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია და საპატრიარქოს კომპეტენციას სცილდება.
„აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის“, – ნათქვამია ამავე წერილში.
12 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 310 გამოჯანმრთელდა, 49 კი -გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ვირუსის 466 326 შემთხვევაა დადასტურებული. 412 420 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 6 279 კი – გარდაიცვალა.
ამასთან, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში სულ 715 919 მოქალაქეა აცრილი, მათგან ორივე დოზით მხოლოდ 218 167.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in:
English (ინგლისური) Русский (რუსული)