საქართველომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან 900 წლისთავი აღნიშნა
12 აგვისტოს საქართველომ დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან 900 წლისთავი აღნიშნა, რასაც შემდგომ ქართველების მიერ თბილისის აღება და დედაქალაქის არაბთა მრავალწლიანი მმართველობისგან გათავისუფლება მოჰყვა.
ბრძოლა 1121 წელს თბილისიდან 40 კილომეტრში, დიდგორის ველზე გაიმართა, ქართულმა ჯარმა დავით IV აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკების არმიას სძლია, რომელსაც ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი და ქალაქ მარდინის მმართველი, თურქი მთავარსარდალი ილღაზი მეთაურობდა.
დიდგორის ბრძოლა ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით არის ცნობილი.
„დიდგორით აღფრთოვანება ხშირად ხელს გვიშლის დავით აღმაშენებლის რეფორმების სრულყოფილ გააზრებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდგორობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ „გვიჭირს დავინახოთ დიდი სამხედრო გამარჯვების მიღმა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის უფრო მასშტაბური ბრძოლები და გამარჯვებები, რამაც შექმნა თანამედროვე საქართველო!“.
„დავით აღმაშენებელმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე სტრუქტურებით და თანამედროვე ჯარით, სახელმწიფოში დანერგა ის ქრისტიანული და უნივერსალური ფასეულობები, რითაც მოვედით დღემდე – ტოლერანტობა, როგორც ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტი და მისი ცივილიზაციის მონაპოვარი“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
„დღეს ტოლერანტობის ეს ტრადიცია ახლებურად უნდა გავიაზროთ, თანამედროვე საქართველოში უნდა შევქმნათ გარანტია თავისუფალი და ყველასათვის დაცული საზოგადოების. დავითის მსგავსად განათლებას და კულტურას უნდა მივანიჭოთ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობა“, – დასძინა მანვე.
მისივე თქმით, „900 წლის წინ დიდგორი იყო ის ბრძოლა, საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნებისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ ასევე ჩვენი კავკასიური მომავლის გზასაც წარმოადგენს“.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს ჩვენი დიდგორი პანდემიასთან ბრძოლაზე გადის და მოუწოდა მართლმადიდებელ ეკლესიას „ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“.
„დღეს მთელი საქართველო საკუთარი ისტორიის უდიდეს თარიღის წლისთავს აღნიშნავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ „ამავე დროს ეს არის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი“.
პრემიერის თქმით, „დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა“. „დღეს, დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა“, – განაცხადა პრემიერმა.
საზეიმო დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ძალებისა და ხელოვანების მონაწილეობით რამდენიმე მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გამართა. მათ შორის იყო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც.
11 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)