მოძრაობა „დროა“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ 12 აგვისტოს მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შესახებ განაცხადა და თანაგუნდელები წარადგინა.
სხვებთან ერთად ახლადშექმნილი პარტიის წევრები ასევე იქნებიან – თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე; ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუეთელია; ასევე ყოფილი ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრი და აგრეთვე აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით სიხარულიძე.
თანაგუნდელების წარდგენისას ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „დროა“ არის არა ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ „იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების ერთობა“.
მისივე თქმით, ცვლილებები, რომლებიც „სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი, თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ“. ხოშტარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ასეთი გუნდი „გააღვივებს ადამიანებში იმ რწმენას, რომლის დანგრევას და სიძულვილის და უიმედობის დათესვას ცდილობს დღეს ქართული ოცნება“.
„აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა; ადამიანი; მისი თავისუფლება, ღირსება, უფლებები და უსაფრთხოება; ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარება; ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მანვე ქართული ოცნების ხელისუფლება რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი და თავისუფლების იდეა მმართველ გუნდს „ბრძოლა უნდა გამოუცხადოს“. „სიძულვილი და უკანონობა, რომლითაც ქვეყანას ქართული ოცნების ხელისუფლება მართავს აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – დასძინა გოგუაძემ.
ახალი პარტიის პრეზენტაცია ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო რიყის პარკში მომხრეებისა და მხარდამჭერების გარეშე გაიმართა და დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და Facebook-ის ე.წ. „ლაივის“ საშუალებით გადაიცემოდა.
ელენე ხოშტარია, რომელმაც პარტია ევროპული საქართველოს დატოვების შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, დროას და გირჩის დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატია.
ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოს პროპორციული სიით მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა, თუმცა იგი ოპოზიციის საერთო ბოიკოტს შეუერთდა და საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ამავე არჩევნებში იგი ვაკის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს, სადაც პირველ ტურში ხმების 35.55% მიიღო. ხოშტარიამ სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
2017 წელს ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოს სახელით დედაქალაქის მერობისთვისაც იბრძოდა, თუმცა ხმების 7.11%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.
უფრო ადრე, 2007-2012 წლებში, იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)