ეუთოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს
ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, ფინეთს, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს აერთიანებს, 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მეგობართა ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გამო და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
მეგობართა ჯგუფი რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ, მათ შორის, საკუთარი შეიარაღებული ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
მეგობართა ჯგუფმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენისა და სოფელ აიბღას კრასნოდარის მხარესთან მიერთების პროცესი და რუსეთს ამ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„შეშფოთებულნი ვართ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მძიმე შედეგების მაგალითია“.
მეგობართა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული თვითნებური დაკავებების გამო. ჯგუფმა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები დაგმო და მოუწოდა რუსეთს, მოხსნას ყველანაირი დაბრკოლება დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის.
ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებს და ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.
მეგობართა ჯგუფმა სინანული გამოთქვა 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახლა გახსნაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)