საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსის უშიშროებასთან შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე კრიტიკის სამიზნედ იქცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა და ძალაში ის მხოლოდ წელს შევიდა. შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი აღნიშნავს, რომ ის ოფიციალური დიპლომატიური ნოტების გაცვლის თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოტები 2021 წლის ივლისში გაიცვალა.
შეთანხმება ძალაში იმ ფონზე შევიდა, როდესაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო ამკაცრებს სანქციებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ იმ როლის გამო, რომელიც მან 2020 წლის აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში ითამაშა, რასაც ოპონენტების დევნა მოჰყვა. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ასევე ითანამშრომლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერტერორიზმისა და იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ განაცხადა, რომ დოკუმენტის განხორციელება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. ორგანიზაციის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული სანქციების გამო, საქართველო იმ მცირე ქვეყნებს შორის დარჩა, სადაც ბელარუსიდან დევნილებს გამომგზავრება და თავის შეფარება შეუძლიათ.
შეთანხმებით გათვალისწინებული პოტენციური დანაშაულების სიაზე საუბრისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას“.
ოპოზიციურმა პარტია დროამ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, შეთანხმებას „საგანგაშო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ“.
ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ძალიან ბევრს ამბობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის შესახებ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დასძინა, რომ ბელარუსის უშიშროების კომიტეტი რუსეთის უშიშროების გავლენის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით 2020 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ.
საერთაშორისო შეშფოთება
დევნილობაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ დაწერა, რომ საქართველოში მყოფი ბელარუსების უსაფრთხოებას კგბ-სთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მოქმედების სრული შეწყვეტა უზრუნველყოფს.
ტიხანოვსკაიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ დააფიქსიროს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია შეთანხმების გამოყენება ბელარუსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გაცემისა და სხვა თანამშრომლობისთვის, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან ბელარუსებზე.
მისივე თქმით, ბელარუსები დაცულნი უნდა იყვნენ ბელარუსში იძულებითი ექსტრადიციისგან, ვინაიდან რეჟიმი ანტიტერორისტულ კანონმდებლობას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს.
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდა.
„ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს. ბელარუსიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი“, – განაცხადა მან.
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა შეთანხმებას „ძალიან საშიში“ უწოდა და დაინტერესდა, რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმებას „ხუთი წლის შემდეგ და იმ ვითარებაში, როდესაც ყველა სხვამ მსოფლიოში უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე“.
Is Lukashenka again playing a card of possible recognition of Abkhazia&South Ossetia to get what he wants? https://t.co/dWxSnjcM9v
— Olesya Vartanyan (@Olesya_vArt) August 15, 2021
სუსი „მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე“ საუბრობს
კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ დაწყებულია „დეზინფორმაციული კამპანია“, რომლის მიზანიც სუს-ის „მიზანმიმართული დისკრედიტაციაა“.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა“. სუს-მა აღნიშნა, რომ „ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ მას „მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)