„სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების“ მიზეზით „რუსთავი 2“ უკვე მეორე წამყვანმა დატოვა

ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, სარედაქციო პოლიტიკის „მნიშვნელოვანი“ ცვლილების მიზეზით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უკვე მეორე ტელეწამყვანმა დატოვა.

გადაცემა „დღის კურიერის“ წამყვანმა, თეონა ცხომელიძემ, რომელიც არხზე 2019 წელს მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ დაბრუნდა, დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია არხის შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც „მაყურებლისთვისაც საგრძნობია“. „[შესაბამისად], მივდივარ „რუსთავი 2“-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე“, – დასძინა ცხომელიძემ.

„როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა მანვე.

11 აგვისტოს არხი დატოვა და ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაინაცვლა გადაცემა P.S-ის წამყვანმა გურამ როგავამაც. Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოკლე პოსტში მან მხოლოდ ის თქვა, რომ იგი „რუსთავი 2“-ზე საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა.

მოგვიანებით, როგავამ ტელევიზიიდან წასვლის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა მედიასთან და თქვა, რომ იგი ხედავდა, რომ „დამოუკიდებლობის ის ხარისხი“, რომელიც მას არხზე ჰქონდა, მომავალში ვეღარ ექნებოდა. „მე შემეძლო, რომ დავრჩენილიყავი და მეკეთებინა ჟურნალისტიკა, რომელიც არ მომწონს“, – უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“.

როგავამ ასევე აღნიშნა, რომ „ხელისუფლების მხრიდან გარკვეული მძაფრი რეაქციები მოჰყვა“ 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის გასაპროტესტებლად, მის მიერ პირდაპირ ეთერში სიმბოლურად ცარიელი ფურცლების დახევას, რა დროსაც მან მაყურებელს უთხრა, რომ „საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს“.

„გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენი ეთერიდან… მეც მივიღე გარკვეული გზავნილები, რომ, შესაძლოა, ეს ცუდად დამთავრებულიყო, რომ ეს იყო ზედმეტი და ასე არ უნდა გამეგრძელებინა“, – აღნიშნა მანვე.

როგავას თქმითვე, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის მენეჯმენტს მაესტროდან წასული ვაკო ავალიანი შეუერთდა, მას გადაცემის ფორმატის ცვლილება და P.S.-ის წინასაარჩევნო ტოქშოუდ გადაკეთება შესთავაზეს, რაც მისთვის საინტერესო აღარ იყო.

ვაკო ავალიანმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის მმართველი სს „მედია ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორია, ტელევიზიიდან ჟურნალისტების წასვლის საპასუხოდ დღეს „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ „გრძელდება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, რაც აქამდე იყო. არხი გადასულია საარჩევნო რეჟიმზე და ყველა პარტიის საარჩევნო აქტივობა შუქდება”.


საჯარო რეესტრის ბოლო, მარტის ამონაწერით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ქიბარ ხალვაში ფლობს, 40% კი – „შპს პანორამას“ საკუთრებაა, რომლის 100%-იანი წილი ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. მიმდინარე წლის მარტში „რუსთავი 2“ და სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ სს „მედია ჰოლდინგის“ ქვეშ გაერთიანდა, რომლის 90%-ს „პრაიმ ტაიმი“, 10%-ს კი – „რუსთავი 2“ ფლობს.

ვაკო (ვარლამ) ავალიანი სს „მედია ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტზე 20 ივლისს დაინიშნა. მანამდე იგი ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან „მაესტრო“ 15 ივლისს დატოვა და მიზეზად არხის ახალი პრიორიტეტები დაასახელა, რომლებიც მისთვის „მიუღებელი“ იყო.

„რუსთავი 2“-ის შესახებ შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)