ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყირიმის პლატფორმის სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სტუმრობს, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ყირიმის პლატფორმა უკრაინის დიპლომატიური ინიციატივაა და მისი მიზანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ საერთაშორისო კოორდინირებული ძალისხმევის გაძლიერებაა.

„ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხ[ებ]ის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავის შესავალ სიტყვაში.

ხაზი გაუსვა რა საქართველოსა და უკრაინას შორის „მეგობრობის ხანგრძლივ ისტორიას“, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელები და ქართველები ერთად იბრძოდნენ „90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში“.

„13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას და აღნიშნა, რომ ომმა „შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი“, ხოლო 2014 წელს უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული“. მისი თქმით, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, „დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება“.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. „პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენ მივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით“, – აღნიშნა მან.

„ამ ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ყირიმის პლატფორმა მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცევა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ და ხანგრძლივი ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

პლატფორმის დამფუძნებელ სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღარიბაშვილი იმ ათობით ლიდერს შორის იყო, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის ფარგლებში პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის მშვიდობიანი დეოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდველი ზომების შესაძლო გამოყენება და ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვაა.

ერთობლივ დეკლარაციაში, მონაწილეებმა დაგმეს ყირიმში ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაცია და დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)