ლელომ დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ ლელო საქართველოსთვის გუშინ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე ანა ბიბილაშვილისა და დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატები წარადგინა. ეს უკანასკნელი ლელოს საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერიც იქნება.
23 აგვისტოს, რიყის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე, 35 წლის ურბანისტმა და არქიტექტორმა, ანა ბიბილაშვილმა თქვა, რომ 2 ოქტომბერს თბილისის ახალი ისტორია დაიწყება. მანვე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „საფრთხის შემცველ“ მშენებლობებში, ეკოლოგიური გარემოს ნგრევასა და მწვანე სივრცეების განადგურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ქალაქი კარგავს კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახესა და „რაც ყველაზე მტკივნეულია – თბილისი კარგავს ადამიანებს“.
ანა ბიბილაშვილი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა. იგი, დეპუტატ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ლელოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
გუშინვე, პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებისადმი მიმართვისას 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ოქტომბერში ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ერთპარტიულობა“ და „ქვეყანას მივცეთ შანსი, რომ 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე [საპარლამენტო] არჩევნები“.
მისივე თქმით, მოახლოებული არჩევნები კოალიციურ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობაა. „ევროპული სისტემა სწორედ კოალიციურ მართვას ნიშნავს, რუსული სისტემა ნიშნავს ერთმმართველობას და ჩვენ ამას ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, – დასძინა მანვე.
ამ კონტექსტში მან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გაიხსენა, რომლის თანახმადაც, თუკი 2 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი გუნდი 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, 2022 წელს ხელახალი საპარპამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„ამ 43%-ის აღების საშუალება არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას… მხარი დაუჭირეთ ლელოს, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, [რადგანაც] დღეს საერთო მიზანი გვამოძრავებს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
საგულისხმოა, რომ ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)