ირაკლი ღარიბაშვილი კიევში შარლ მიშელს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 23 აგვისტოს კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სადაც ორივე ლიდერი ყირიმის პლატფორმის სამიტს ესწრებოდა.
„პრემიერ-მინისტრთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს“, – დაწერა Twitter-ზე შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დასძინა, რომ „დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება [19 აპრილის] შეთანხმებისა და რეფორმების დღის წესრიგის მიმართ“.
Underlined to prime minister @GharibashviliGe that reforms are as needed as ever.
The deadline for disbursement of macro financial assistance is looming and it is time for the Georgian government to demonstrate its commitment to the agreements and notably the reform agenda. pic.twitter.com/v3GblCpssN
— Charles Michel (@eucopresident) August 24, 2021
საქართველოს პრემიერ-მმინისტრმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მან დაარწმუნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ „საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის მიმართ ერთგული რჩება“.
„აღნიშნული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელდა და ჩვენ კვლავაც მტკიცედ მოწოდებულნი ვართ, რომ დარჩენილ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობა გავაგრძელოთ“, – დასძინა მანვე.
ევროკავშირმა ადრეც აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისინებული სასამართლო სისტემის რეფორმების სათანადოდ განხორციელება „საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა“ იქნებოდა.
კონკრეტული გაფრთხილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნება აპრილში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში „ნაჩქარევად შემუშავებული და მიღებული“ ცვლილებების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ჯერ კიდევ 19 ივლისს ბათუმში მყოფმა შარლ მიშელმა, ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფის „წინაპირობაა“.
უფრო ადრე, აპრილში, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ.
ქართულმა ოცნებამ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის მედიაციის შედეგად შეთანხმებას 19 აპრილს მოაწერეს ხელი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმასაც ითვალისწინებს. 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია შეთანხმებას ცალმხრიდავ ტოვებს და ის ანულირებულია. ოცნებაში გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელეს, რომ შეთანხმებას ხელი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწერა.
მიუხედავად შეთანხმებიდან გასვლისა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მაინც უზრუნველყოს. რაც შეეხენა, დოკუმენტში 43%-ის შესახებ არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ს ვერ მიიღებს, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს ოპოზიციის „ქცევიდან“ გამომდინარე, მმართველი გუნდის „კეთილ ნებაზე“ იქნება დამოკიდებული.
ასევე წაიკითხეთ:
- შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის შემდეგ შარლ მიშელი პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს
- ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყირიმის პლატფორმის სამიტზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)