სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 24 აგვისტოს განცხადებით, სამართალდამცველებმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდენ და სირიაში – „ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას“ გეგმავდნენ. ამავე ინფორმაციით, მათ „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამმინდელი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) დადეს, რომლის ამასხველი ვიდეორგოლიც ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან გაავრცელეს.
„ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერიც, რომელიც „ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი“.
„[დაკავებულები] სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს და 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)