ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 30 აგვისტოს „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას, ფინანსური დატვირთვა „პრაქტიკულად აღარ აქვს“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე, 75 მლნ ევროიანი ტრანშის გამოყოფა სასამართლო სისტემის რეფორმასა და 19 აპრილის შეთანხმებისადმი ხელისუფლების ერთგულებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქვეყანაში „ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული“ და ბიუჯეტში დამატებით „მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა პროგნოზირებულთან შედარებით“. „არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი, 12.7% იყო პირველი 6 თვის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო“, – დასძინა მანვე.
„ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ქართული ოცნება ქვეყნისა და „სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად“ იმოქმედებს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე უარის „სანქციად“ შეფასება იქნება „სრული სპეკულაცია“.
მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უზენას სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად განხორციელდა. ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს, რომ დანიშვნები შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი კიევში შარლ მიშელს შეხვდა
- შარლ მიშელი: ევროკავშირის დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)