საზ. ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძილვდა, სწავლა დისტანციურად დაიწყება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, ამასთან სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსტეტებში სწავლების პროცესი 4 ოქტომბრამდე პერიოდში დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. 4 ოქტომბრამდე მუშაობას არ განაახლებენ ბაღები.
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო. დღეს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 გარდაიცვალა, 4 753 კი – გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევები 40 000-ს შეადგენს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა 14 აგვისტოს ამოქმედდა და ის ძალაში 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებისა და ქალაქების სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლების პროცესი პირისპირ ფორმატში გაგრძელდება. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამის შემდგომაც, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებს „შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის“.
4 ოქტომბრამდე სწავლების პროცესი დისტანციურად წარიმართება პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებშიც. გამონაკლისი სამედიცინო უნივერსტიტეტების სტუდენტები იქნებიან და მათთვის სწავლების პრაქტიკული ნაწილი აუდიტორიებში დაიწყება, თეორიული კი – დისტანციურად.
„ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებიან, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრისვე თქმით, სკოლებში სწავლის პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება, უნივერსიტეტები კი – აკადემიურ წელს საკუთარი განრიგის მიხედვით დაიწყებენ.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ ხელახალი შეზღუდვების დაწესება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო. ამ დროისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სახის სოციალური და სპორტული აქტივობა, შემცირდა კვების ობიექტების სამუშაო საათები, პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავაც სავალდებულოა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)