ოპოზიცია ევროკავშირის დახმარების შესახებ პრემიერის განცხადებას აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკაშირის 75 მლნ ევროიანი სესხის აღებისგან, რომლის მიღებაც სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებასა და 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. პრემიერის ამ განცხადებას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ქვემოთ პრემიერის განცხადებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებია წარმოდგენილი:
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მაგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს: ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ; მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკაშენკოზაციის ფონზე… ასეა ეს, მწარე სიმართლე“.
მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე – როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო; როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ; როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა; როცა სასამართლო კლანურია, როცა ბაბშვები შიმშილობენ… ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას“.
ლევან დოლიძე – საქართველოსთვის: „ევროკავშირთან ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდა და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს… არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას… მნიშვნელოვანია ყველა ინვესტორისთვის, თუ როგორი გზავნილები და დამოკიდებულება ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს მიმართ… მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის, მმართველი ძალა მზადაა ასეთი სერიოზული ზიანი და დარტყმა მიაყენოს“.
ბათუ ქუთელია – დროა: „ღარიბაშვილის განცხადება არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის [2 ოქტომბრის] არჩევნები გადამწყვეტი რეფერენდუმი. ეს არის მკაფიო არჩევანი თავისუდალ მსოფლიოსა და რუსეთს შორის. დღეს ქართულმა ოცნებამ უფრო ცხადი გახადა, რომ ის აღარც კი ცდილობს შენიღბოს რუსული ტიპის ავტორატარიზმის [მსგავსი] მოტივები და ზრახვები“.
ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის მაისში საქართველოსვის კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 150 მლნ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშრმა პირველი ტრანშის სახით 75 მლნ ევრო იმავე წლის ნოემბერში გამოყო. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნებისა და 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის შემდეგ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ თუკი აღნიშნული ორი საკითხი არ გადაიჭრებოდა, საქართველოსთვის დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)