აგვისტო, 1921: თფილისელი მუშები ევროპის მუშათა კლასს მიმართავენ

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 31 აგვისტო, N7

მიმართვა ევროპის მუშებისადმი

განურჩევლად მიმართულებისა.

ძვირფასო ამხანაგებო!

მეხუთე თვეა, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წყობილება უცხოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრია და ბოლშევიკური რევკომების ხელისუფლება დაამყარა. საქართველოს მუშებს, რომლებსაც გვქონდა მოძრაობის ხანგრძლივი ისტორია, პროფესიონალური და სოციალური ორგანიზაციები, ასეთი საშინელი რეჟიმი არ მოგვსწრებია ცარიზმის საშინელ რეაქციის ხანაშიაც კი.

იმ მძიმე პირობების გამო, რომელშიაც ჩაგვაგდო ხუთი თვის ბოლშევიკურმა ძალადობამ, ჩვენ იძულებული გავხდით მთელი ქვეყნის მუშათა კლასს ვაცნობოთ ჩვენი აუტანელი ტანჯვა, რომელიც ხდება სოციალიზმის სახელით.

25 თებერვლიდან საქართველოში გათავდა მუშათა ორგანიზაციების თავისუფალი არსებობა. საქართველოს დაპყრობიდან ჩვენ გვექცევიან, როგორც მონებს (რომლის მზგავსი ჯერ ისტორიას არ ახსოვს), წაგვართვეს და მოგვისპეს სიტყვის, ბეჭდვის, კრების, კავშირების თავისუფლება. საქართველოს მუშები განურჩევლად დარგისა სამხედრო ბეგარის ქვეშ გამოგვაცხადეს. ყველგან დაარსეს არა-ჩვეულებრივი კომისიები („ჩეკა“), რომლებიც უბრალო ლაპარაკისათვის ატუსაღებს მუშებს მასიურად. მოწინავე მუშებს ატყვევებენ, ითხოვენ ადგილიდან ყოველივე უფლების აყრით და ასახლებენ თავიან სამშობლო კუთხიდან. პროფესიონალურ კავშირებში ჩვენი არჩეულები, უპარტიონი და სხვა და სხვა პარტიის წარმომადგენლები სულ ყველა გარეკეს და ზევიდან დანიშნეს სრულიად უცხო პირები. კრებებზე სიტყვის თქმისთვის, და დეპუტატობისათვის უზომოდ დასჯა შემოიღეს. ამწყდევენ ბნელ და ნესტიან სარდაფებში და შეუკითხველად, გამოუძიებლად სჯიან სხვა და სხვა ვადით.

ტრამვაის მუშათა პროფესიონალური არჩევნები, რომელიც მოხდა აპრილის შუა რიცხვებში დაშალეს, არჩეულები დაატყვევეს, კრებაზე უბრალო შემკითხველებიც დასაჯეს.

ასეთივე ბედი ეწია რკინის-გზის, დეპოს და თფილისის ყველა საწარმოო დარგის მუშებს, სრულიად საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირთა ყრილობის მიერ არჩეული გამგეობა გადააყენეს და ზევიდან სხვა დანიშნეს.

განსაკუთრებული ენერგიით არბევენ რკინიგზის მოწინავე მუშებს. ამ უკანასკნელ დროს მეთოდიური რკინის-გზის მუშების გადასახლებამ. ერთი პარტია ძველი მუშების უკვე გაგზავნეს. ეხლა უპირებენ 1000-ზე მეტს მუშას გადასახლებას უცხო ქვეყნის რკინის-გზის შტოებზე. ძნელია შექმნილი მდგომარეობის საშინელი შედეგების გაცნობა. ნივთიერად მუშების თანამედროვე მდგომარეობა საშიშარია. ჩვენ მოგველის ფიზიკური გახრწნა. დღეში ¼ გირვანქა პურსაც ვერ ვღებულობთ. სხვა სურსათი სრულიად აღარაა. ჯამაგირები ძველებურია და გადის თვეები არც ის აგვიღია. სოფლად წასვლა ან სხვა სამეურნეო  სამუშაოზე გადასვლა აკრძალულია. ამისთვის დახვრეტა მოგველის. მუშათა უბნებში შიმშილია, ავათმყოფობა და ხოლერა მეფობს. იღუპება მუშათა ოჯახები. ადამიანურად ენის ამოღება შეუძლებელია. გამეფებულია ტერორი. მთელი საქართველოს მუშები განურჩევლად პარტიული მიმართულებისა საპყრობილეებში სხედან და შიმშილი, ავატმყოფობა მუსრს ავლებს მათ. ადამიანთა სიცოცხლე არაფრად ფასობს. ხვრეტენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, ისეთებსაც ვისაც არას დროს არავითარი კავშირი არ ჰქონია პოლიტიკურ მოძრაობასთან. ხვრეტენ, იმისთვის რომ, ისინი ემსახურებოდენ მთავრობას, სახელმწიფოს, სამშობლოს.

ჩვენ გაცნობებთ ყოველივე ამას ძვირფასო ევროპის მუშებო!

გაცნობებთ, რომ გაიგოთ ჩვენი ტრაგედია.

იჩქარეთ!… ნახეთ ადგილობრივად საქართველოში საქართველოს დევნილ მუშათა ცხოვრება. გამოაგზავნეთ თუ გინდა თვით მარტო კომუნისტები, რომელთა სახელით ხდება ჯერ უცნაური და უცნობი საშინელებანი ისტორიაში.

ჩვენ მივიღეთ ჩვენს ძმურ სიტყვას, თქვენს განაჩენს.

თფილისის მუშები. ხელს აწერს 2 449 კაცი.