„მესამე ძალამ“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა 

ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმა „მესამე ძალამ“ დღეს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამარ კეკენაძე და სერგო ჩიხლაძე დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დაასახელა. „მესამე ძალამ“ დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა.

39 წლის თამარ კეკენაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა. პარტიამ 30 აგვისტოს „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ახალი პლატფორმა „მესამე ძალა“ ჩამოაყალიბა. მანამდე კეკენაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოში საქართველოს მისიაში მსახურობდა. 

სიტყვით გამოსვლისას კეკენაძემ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე მითითებით ქვეყანაში არსებულ „ორპოლუსიანობას“ გაუსვა ხაზი, რასაც, მისი თქმით, ნდობისა და თანამშრომლობის დაკარგვა მოჰყვა, ხოლო „ადამიანებმა დაკარგეს იმის რწმენა, რომ მათი ხმა შეიძლება იყოს გადამწყვეტი“.

კეკენაძის თქმით, მისი არჩევნებში მონაწილეობა არის „შესაძლებლობა, რომ თქვენ გაგაცნოთ, ჩვენი, მესამე ძალის ინოვაციური ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს თბილისი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი“.

სერგო ჩიხლაძე სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსია. გარდა იმისა, რომ იგი საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერია, ჩიხლაძე საბურთალოს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქშიც იყრის კენჭს.

ქვემოთ თბილისის 10 ერთმანდატიან ოლქში „მესამე ძალის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარმოდგენილი:

  • კრწანისი – დავით ცეკვავა;
  • საბურთალო – სერგო ჩიხლაძე;
  • ისანი – თეონა ჭალიძე;
  • გლდანი – ნანა ტოხვაძე;
  • დიდუბე – ოთარ ბაღათურია;
  • სამგორი – ვახტანგ იაშვილი;
  • ვაკე – პაატა ჩიქოვანი;
  • მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე;
  • ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი;
  • ნაძალადევი – ზაზა კორთხონჯია. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)