ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას პოლიტიკოსები აფასებენ
ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკა და ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ქვემოთ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების შეფასებებია მოცემული:
ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრი: „გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს… 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. … ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება… ქართულმა ოცნებამ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს“.
ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ხელშეკრულება მიუხედავად დემარშისა, რომელიც განახორციელა ქართულმა ოცნებამ, არის ძალაში … ნაციონალური მოძრაობის შემოერთება არის კარგი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონსოლიდირება მოხდეს დასავლური ძალების ამ დოკუმენტის ირგვლივ“.
სალომე სამადაშვილი – ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი/დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეს არის დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. კარგი იქნებოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ეს გადაწყვეტილება მიეღო 19 აპრილს. ვფიქრობ, რომ ოპოზიცია მაშინ ბევრად უფრო კარგ ფორმაში შეხვდებოდა ამ ადგილობრივ არჩევნებს… კარგია, რომ შეცდომა გამოსწორდა და ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ არ მისცეს ქართულ ოცნებას საბაბი, ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, როდესაც არღვევს შეთანხმების პირობებს. ერთადერთი მხარე, რომელიც რჩება პასუხისმგებელი შეთანხმების შეუსრულებლობაზე, ეს, ცხადია, არის ქართული ოცნება.“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ ეს არის აღიარება, რომ სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. მეორე ეს არის შეცდომის გამოსწორების მცდელობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმ შეცდომის, რომელმაც რაღაც საბაბი მისცა ქართულ ოცნებას დაეტოვებინა შეთანხმება“.
გრიგოლ ვაშაძე – ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე: „ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, გაკეთდა ახლა… არ მგონია, რომ რამეს გამოასწორებს ახლა, იმიტომ, რომ, არ ვიცი, თქვენ გჯერათ რომ ქართული ოცნება შეთანხმებაში დაბრუნდება?!“
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე: „ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს დოკუმენტი ვერ გამოიყვანდა ქვეყანას კრიზისიდან და, სამწუხაროდ, შემდეგში განვითარებულმა მოვლენებმა ეს დაადასტურა. ასე რომ, ეს ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, როდის რომელ დოკუმენტს შეურთდება. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა, როდესაც ფოკუსი ამაზე ხდება ყურადღების ახლა… ფოკუსი ახლა უნდა იყოს იმაზე, რისიც ესმის ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის მშვიდობიანი ძალის დემონსტირება არჩევნებზე“.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია ევროკავშირსა და ნატოს: ქართული ოცნება ევროატლანტიკურ სვლას ხელს უშლის
- ოპოზიცია ევროკავშირის დახმარების შესახებ პრემიერის განცხადებას აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)