ომბუდსმენი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 1 სექტემბერს შეშფოთება გამოხატა „ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, რომელთა უმეტესობამაც მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან „ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი“ ურთიერთობა დაასახელა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა და ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლისა და გათავისუფლების ფაქტები.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.
ამავე ინფორმაციით, მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დასთანხმდა, ნაწილი კი – არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შეისწავლეს და რეაგირების მიზნით ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.
სამსახურიდან შესაძლო დათხოვნების შესახებ ჟურნალისტის კითხვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)