უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს სტუმრობს
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით თბილისს სტუმრობს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს, მხარეებმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. „ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კუთხით ფართო სპექტრი იკვეთება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, თავის მხრივ, გამოთქვა ინტერესი, რომ ეროვნული გვარდიის სამხედროების მომზადება განხორციელდეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
ამავე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ორი ქვეყნის ეროვნულ გვარდიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდეს.
თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა.
ასევე წაიკითხეთ:
- თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს
- თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)