ოპოზიციური პარტიები ძალოვანი უწყებების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „საქართველოსთვის”, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“, საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით ძალოვანი უწყებების მხრიდან მათ კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, 4 სექტემბერს განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიას უკვე გამოეთიშა ათეულობით კანდიდატი „სამსახურიდან გათავისუფლების“, „ბიზნესზე ზეწოლისა“ და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების“ შიშით. მისივე თქმით, ყოფილ კანდიდატებს აიძულებენ, სამთავრობო მედიის საშუალებით კანდიდატურის მოხსნის შესახებ „ტყუილები“ გაავრცელონ.
მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ზეწოლის ქვეშ მოექცნენ პარტიის კანდიდატები და თანამშრომლები ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის, ოზურგეთის, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. მან ასევე დასძინა, რომ ზეწოლის შემთხვევებს „სისტემური ხასიათი“ აქვს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
დასახელებულ მაგალითებს შორის იყოს სოფელ კაბალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მაჰმან მამედოვის საქმე, რომელმაც „ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა“ და ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშკიის კანდიდატის, ოვანეს ოვსეფიანის შემთხვევა, როდესაც მის ცოლს, მეზვრიშვილის თქმით, საჯარო სკოლაში სწავლების საათების დაკარგვით ემუქრებოდნენ.
4 სექტემბერს შეშფოთება ასევე გამოთქვა„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ასევე და მისი პარტიის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა უპრეცედენტოდ შეაფასა.
ჯაფარიძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურები არჩევნებიდან გამოთიშვის მოთხოვნით თითოეულ რეგისტრირებულ კანდიდატს უკავშირდებიან და აფრთხილებენ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ“. შედეგად, მისი თქმით, ხუთმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა.
„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, პროპორციულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობის წარდგენაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი უქმდება და „შესაბამისად, ოპოზიციური ხმები იკარგება”.
ასევე, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა გუშინ განაცხადა, მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დგას რუსუდან კოვზირიძეც, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მათი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრშია დასაქმებული.
გასულ კვირას მსგავსი წუხილები ასევე გამოთქვეს სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), რომლებიც პოლიტიკური მიკუთვნებულობის ნიშნით დისკრიმინაციის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებების შესაძლო შემთხვევებზე საუბრობდნენ.
მეზვრიშვილის ბრალდებებს ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა 6 სექტემბერს „დეზინფორმაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ „როგორც კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას პარტიამ იგრძნო გარდაუვალი და სრული დამარცხება მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, მისმა წევრებმა, წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით, სამწუხაროდ, კარგად გათელილი სიცრუისა და მოტყუების გზის გავლა გადაწყვიტეს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)