შსს-მ უკანონო ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 21 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ლაგოდეხსა და მარნეულში უკანონო ნარკოვაჭრობის ბრალდებით 21 პირი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, 18 მათგანი ნარკორეალიზატორი, ხოლო სამი პირი სოციალურ ქსელში მოქმედი ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის კურიერი იყო.

როგორც სამინისტრომ აღნიშნა, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილები განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და ჯგუფურად უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელად 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)