პარლამენტმა 19-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის თბილისის აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების ამნისტიას ითვალისწინებს.
ამნისტიის კანონი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაშია გათვალისწინებული, ვრცელდება ყველა ტიპის დანაშაულის ჩადენაზე, დაგეგმვასა და მცდელობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, წამებას, წამების მუქარას ან არაადამიანურ მოპყრობას. იგი ასევე ფარავს დასრულებულ, მიმდინარე თუ შესაძლო სამომავლო გამოძიებას, ხოლო მათ, ვისაც ამნისტია ეხება, უფლება აქვთ, მასზე უარი თქვან.
მიუხედავად იმისა, რომ 28 ივლისს ქართული ოცნება19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა, მმართველი გუნდის დეპუტატებმა კანონის მიღებას მხარი მაინც დაუჭირეს 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტმა, რომლის შეთანხმებაში ჩადების თავდაპირველი მიზანიც იმ პერიოდში ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება იყო, ოპოზიციის მხარდაჭერა იმ მიზეზით ვერ მოიპოვა, რომ ამნისტია სამართალდამცველებზეც ვრცელდებოდა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი მანამდე ასევე აპროტესტებდა პირობას, რომლის თანახმადაც პირებს, რომლებზეც კანონი ვრცელდება, ამნისტიაზე უარის თქმის უფლება აქვთ. მთავრობის ოპონენტები თვლიდნენ, რომ პირობა მიემართებოდა მელიას წინააღმდეგ, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებდა. საბოლოოდ, ენმ-ის თავმჯდომარე მაისში ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს მეშვეობით გათავისუფლდა.
საკანონმდებლო ინიციატივას ასევე მოჰყვა 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირთა ჯგუფის პროტესტიც, თუმცა უშედეგოდ.
ასევე წაიკითხეთ:
- ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა უთანხმოება გამოიწვია
- მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაითხოვენ
- კომპრომისული შეთანხმების ამნისტიის პუნქტმა უთანხმოება გამოიწვია
- 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)