ევროკავშირი საქართველოს მესამე შეუსრულებელ პირობაზე საუბრობს

ევროკავშირმა წუხილი გამოთქვა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, მხარი არ დაეჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ კიდევ ერთ ვალდებულებაზე, კერძოდ, გენერალური პროკურორის ასარჩევად 3/5-იანი უმრავლესობით არჩევის წესის შემოღებაზე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის 7 სექტემბრის განცხადებით, დღევანდელი უარი ცვლილებაზე ამ ორ თვეში უკვე მესამე წარუმატებლობაა საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით.

ევროკავშირმა ასევე გაიხსენა, რომ 1) ოდირის შეფასებით, ამ ივლისში, თუ გასული ორი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებს „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“ და რომ 2) საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ევროკავშირის თქმით, რომ კანონის უზენაესობის სფეროს გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

განცხადებაში ევროკავშირმა ასევე გაიმეორა, რომ მიუხედავად მისი სრულად მზადყოფნისა, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

ევროკავშირმა „ქართული ოცნებას“ ისიც შეახსენა, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლისას, 28 ივლისს, მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება სასამართლო რეფორმებსა და შეთანხმების კვალდაკვალ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)