ამერიკელი კონგრესმენები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ

6-8 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია სტუმრობდა. კონგრესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდნენ.

დელეგაციაში შედიოდნენ კონგრესმენი რესპუბლიკელები — ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 6 სექტემბერს, პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, ასევე მის მიერ გაწეულ დახმარებაზე ქაბულიდან უცხოეთის მოქალაქეთაევაკუაციის პროცესში. ამავე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და კონგრესმენებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განიხილეს.

კონგრესმენმა მუნიმ აღნიშნა, რომ დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის აგრესიის გამო. კონგრესმენის თქმით, მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში საქართველოს სახით კარგი მეგობარი ჰყავს.

იმავე დღეს ამერიკელი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. მათ ასევე მოინახულეს აშშ- მხარდაჭერით გახსნილი წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი.

7 სექტემბერს კონგრესმენები ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ  კავკასიის რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

კონგრესმენებმა უსაფრთხოების საკითხები ასევე განიხილეს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე. ამერიკელ კანონმდებლებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 სექტემბრის პრეს-რელიზში.

„დღეს შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ  საქართველოში აშშ-ის ყოფნის საჭიროება” – განაცხადა კონგრემენმა მუნიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე „თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-ს სამხედრო ძალები განგრძობითად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში სწავლებების, წვრთნებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარება იყო კონგრესმენების ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან გამართული შეხვედრისას განხილული მთავარი საკითხი. 9 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობებზე ისაუბრა და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა მოლაპარაკებები გამართეს ქართველ კოლეგებთანაც. ქართული ოცნების დეპუტატებთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ირაკლი ბერაიასთან, გიორგი ხელაშვილსადა ირაკლი ჩიქოვანთან გამართულ შეხვედრაზე, მათ კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის  საკითხი მიმოიხილეს, აღნიშნულია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კონგრესმენები შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებს.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ამერიკელ კანონმდებლებს უამბეს საგარეო საფრთხეებისა და საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ; ასევე, აღნიშნეს მედიასა და პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები, 5 ივლისის მოვლენები, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა და უარი ევროკავშირის სესხზე.

„კონგრესმენებს განსაკუთრებით აინტერესებდათ კონკრეტულად რუსეთთან მიმართებაში ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავება არის პოლიტიკაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ასევე აღნიშნა რომ კონგრესმენები დაინტერესდნენ „რუსული სპეც-სამსახურების ინფილტრაციით საქართველოს ტერიტორიაზე“.

კონგრესმენთა დელეგაცია 8 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საც შეხვდა.

კონგრესმენები მუნი, სტილი, არმსტრონგი და მილერი კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” თანასპონსორები არიან. აღნიშნული ორპარტიული მხარდაჭერის მქონე რეზოლუციის პროექტი კონგრესში ხელმეორედ თებერვალში შეიტანეს განსახილველად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)