სასულიერო პირების შესახებ სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებმა გაჟონა

ანონიმურმა პირმა, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, საიდუმლო მასალები გაავრცელა, რომლებიც სასულიერო პირებზე სავარაუდოდ განხორციელებული თვალთვალის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ტექსტში, რომელიც ათობით ფაილს ახლავს თან, ნათქვამია, რომ „ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს“. ზოგიერთი გამოქვეყნებული დოკუმენტი სავარაუდოდ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მომზადებულ ანგარიშებს და დოსიეებს წარმოადგენს.

ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში სასულიერო პირების სავარაუდო ბიზნეს საქმიანობებზე, ინტიმური კავშირებზე, სექსუალურ ორიენტაციასა და წარსულ საქმიანობაზე, მათ შორის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულებაზეა საუბარი.

დოკუმენტებს სხვადასხვა სათაურები აქვს, მათ შორის „კრიმინალი და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“, „საფრთხეები“, „საყვარლები“, „მრუშები“, „სიტუაცია პროტესტანტულ ეკლესიებში“.

მასალების ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდასტურებელი რჩება. უცნობია ვინ გამოაქვეყნა მასალები. „სამოქალაქო საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა კომენტარისთვის.

ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასულიერო პირებზე, ბიზნესმენებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე და ხელისუფლების წარმომადგენლებზე თვალთვალის შესახებ სავარაუდოდ სუს-ის მოხსენებითი ბარათები გაავრცელა.

გამოხმაურებები  

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიების“ მიერ გაჟონილი ფაილების გაშუქებას „ანტი-სახელმწიფოებრივი საქმე“ უწოდა, რომელიც „ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა“ მიმართული.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ხათუნა გოგორიშვილმა ევროპული საქართველოდან და მამუკა ხაზარაძემ ლელოდან სასულიერო პირებთან, ჩანაწერებში ნახსენები თავიანთი საუბრების ავთენტურობა დაადასტურეს. გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას იმდენად გაუჭირდა, რომ მას სჭირდება „ყელში მოჭერა საპატრიარქოსთვის, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით და საჯაროდ ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე… ასეთ ამბავს ვიზამთ“. 

დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გაჟონილი დოკუმენტები შეიცავს მის „ზუსტ“ საუბარს ერთ-ერთ ქორეპისკოპოსთან, რომელიც, მისი თქმით, 2018 წლის ბოლოთი, ან 2019 წლის დასაწყისით თარიღდება.  

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო ის ფაქტი, რომ „უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან“.  

„ასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ადამიანების უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ამაზე რეაგირება არის განსახორციელებელი“, – განაცხადა მან.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის  ყველა საეჭვო შემთხვევა და გაჟონილი მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, მოხდეს უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირის იდენტიფიცირება და დასჯა.  

სტატია განახლდა 21:35-ზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)