თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს
2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს, რაც სულ მცირე, ბოლო ათწლეულში ჩატარებულ ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატების ყველაზე მეტი რაოდენობაა. ქვემოთ მოცემულია კანდიდატების სრული სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ნომრების მიხედვით.
1.თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – 39 წლის თამარ კეკენაძე „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, რომელიც აგვისტოში „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვა პატარა ჯგუფებს შეუერთდა და ახალი პლატფორმა „მესამე ძალა“ ჩამოაყალიბა. იგი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი იყო, სანამ პარტია, რომელსაც ერთ დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, 2020 წელს შიდა კრიზისის შედეგად დაიშლებოდა. მოგვიანებით იგი პარტიის თავმჯდომარე გახდა. მანამდე კეკენაძე თავდაცვის სამინისტროსა და ნატოში საქართველოს მისიაში მუშაობდა.
5. ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (რომლის კანდიდატურასაც პარტიები „ევროპული საქართველო”, „გირჩი – მეტი თავისუფლება” და „დროა” უჭერენ მხარს) – 41 წლის ნიკა მელია 2020 წლიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა. მელია 2014 წელსაც იყრიდა კენჭს თბილისის მერად, თუმცა მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატთან, დავით ნარმანიასთან დამარცხდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მელიას მიმართ დადებითად რესპოდენტთა 39%-ია განწყობილი, რითაც იგი მეხუთე ადგილზეა. 2021 წლის თებერვალში სწორედ მელიას დაკავების ამბავი იყო, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი კრიზისი ქვეყანაში, რასაც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმება მოჰყვა, მოგვიანებით კი მაისში მისი გათავისუფლება პატიმრობიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შედეგად.
8. გიორგი ლომია – პატრიოტთა ალიანსი– საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, 46 წლის გიორგი ლომია ყოფილი დეპუტატია (2016-2020). იგი 2020 წელსაც უნდა შესულიყო პარლამენტში, თუმცა მანდატზე უარი თქვა მას შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა.
9. ანა ბიბილაშვილი – ლელო – 35 წლის ანა ბიბილაშვილი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა მერობის კანდიდატად წარდგენამდე, იგი პოლიტიკურ სცენაზე აქტიურად არ ჩანდა. ბიბილაშვილი, რომელიც გამოცდილი არქიტექტორი და ურბანისტია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. ბიბილაშვილს აქტივისტურ წრეებში დიღმის ჭალებში არსებული „ეკოლოგიური კატასტროფის“ შესახებ მისი აქტიურობის გამო იცნობენ.
10. მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტია – 28 წლის ქუმსიშვილი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრების და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტია, მერობის კანდიდატად წარდგენამდე ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. იგი ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობის „გაბედე“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
13. გიორგი ქუთათელაძე – საქართველო– ნაკლებად ცნობილი კანდიდატია, იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „მამულიშვილები“ ხელმძღვანელია.
15. თეიმურაზ ბობოხიძე – მამული– ასევე ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, 53 წლის ბობოხიძე 1999-2004 წლებში თბილისის საკრებულოს არჩეული წევრი იყო. იგი პარტიის „მამული“ ლიდერია.
20. გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო– კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომელიც პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერია.
23. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – ჩვენი გაერთიანებული საქართველო– ნიგერიელი ოგბუნუჯუ 1990-იანი წლებიდან საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს. ოგბუნუჯუ, რომელიც თბილისში თავის ქართველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ ნიგერიაში იბოს ტომის მეფეა. კანდიდატს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, სხვათა შორის, ქართულიც არასრულყოფილი ცოდნაც დაუწუნეს. მისმა ვაჟმა, რომელიც მამის კამპანიას აქტიურად უჭერს მხარს, TikTok-ზე ჩაწერილ ვიდეოში მიანიშნა, რომ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც უშვებს ხოლმე შეცდომებს ქართულად საუბრისას.
25. გიორგი გახარია – საქართველოსთვის – ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა თებერვალში, მელიას დაკავების ამბების დროს დატოვა და მოგვიანებით, ახალი პარტია „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საზოგადოებრივ ფიგურათა მიმართ დადებითი განწყობებით, იგი პატრიარქ ილია მეორისა და თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის შემდეგ, მესამე ადგილზეა 56%-ით. პრემიერობამდე გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მათ შორის 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს, ხოლო 2016-2017 წლებში ეკონომიკის მინისტრი იყო. უფრო ადრე, 2014-2016 წლებში, იგი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2013-2016 წლებში – ბიზნესომბუდსმენი იყო. კიდევ უფრო ადრე გახარია მოსკოვში კერძო სექტორში მუშაობდა.
29. ქეთევან ნაკაშიძე – სოციალური სამართლიანობა– კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი კანდიდატია, რომელიც თბილისის მერად იყრის კენჭს.
30. ევგენი ღვინიაშვილი – სოციალისტ მშრომელთა პარტია – 69 წლის ღვინიაშვილიც ნაკლებად ცნობილი კანდიდატია.
37. ზაზა ხატიაშვილი – თავისუფალი საქართველო– 54 წლის ხატიაშვილი გამოცდილი ადვოკატია, რომელიც 2009-2017 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.
41. კახა კალაძე – ქართული ოცნება– 43 წლის მოქმედი მერი, კახა კალაძე ამ პოსტზე 2017 წლის არჩევნებზე, პირველივე ტურში 51.3%-მა აირჩია. 2011 წელს კალაძე მაშინდელ ოპოზიციურ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და 2012 წლის არჩევნებზე მისი პროპორციული სიის სათავეში იყო. 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კალაძე მეორე ადგილზეა, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, რომლის მიმართ რესპონდენტების 58% დადებითადაა განწყობილი. პოლიტიკურ კარიერამდე, კალაძე ფეხბურთელი იყო, რომელმაც იტალიური მილანის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო.
48. ანა დოლიძე – ხალხისთვის– 41 წლის ანა დოლიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია, რომელმაც ხარისხი კორნელის სამართლის სკოლაში მიიღო. დოლიძემ მაისში ახალი პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან პირველ ტურში ხმების 17.95% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სისტემისადმი კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლე წევრი იყო, ხოლო 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მსახურობდა. უფრო ადრე, 2004-2006 წლებში, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა.
50. გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია – მწვანეთა პარტიის ლიდერი, 67 წლის გიორგი გაჩეჩილაძე 1992 წლიდან მოყოლებული ოთხჯერ იყო პარლამენტის წევრი. ბოლოს დეპუტატის მანდატი მას 2016-2020 წლებში ეკავა. მაშინ მწვანეები ქართული ოცნების უმრავლესობის შემადგენლობაში შედიოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)