ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ ‘ნულოვან კომპრომისზე’ საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 სექტემბერს ქართული ოცნების კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა, რომ „ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
„არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი – ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით და რაც მთავარია კიდევ – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტისთვის გადაცემით“.
2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას, ღარიბაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „კოდორის ხეობის, ცხინვალის რეგიონის, ჩვენი ძირძველი სოფლების“ რუსეთის საოკუპაციო ძალისთვის გადაცემაში დაადანაშაულა.
მან განაცხადა, რომ „ასეთი ძალისთვის“ ხმის მიცემა ნიშნავს „თანამონაწილეობას ამ დიდ ღალატში და დიდ შეთქმულებაში“.
აღიარა რა, რომ ქვეყანაში დღეს გასაჭირია, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის „უშეცდომო“ და „იდეალური“, თუმცა დასძინა, რომ „ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში“. მისივე თქმით, „ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი გვაქვს – ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება“.
„მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასეთი კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ „მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს“.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“.
ასევე წაიკითხეთ:
- ღარიბაშვილი სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებთან დაკავშირებით „პროვოკაციაში“ ენმ-ს ადანაშაულებს
- სასულიერი პირების შესახებ სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებმა გაჟონა
- უსაფრთხოების სამსახური სკოლების და ბაღების დირექტორებზე თვალთვალში დაადანაშაულეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)