საპატრიარქოს პრესსპიკერი გაჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა რამდენიმე დღის წინ გაჟონილ, სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ „ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ“.
„უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა“, – განაცხადა მან 14 სექტემბერს და დასძინა, რომ დეტალებზე კომენტარი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც „მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში“. „მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი“, – განაცხადა მან.
აღნიშნა რა, რომ საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება გავრცელებულ მასალაზე, დეკანოზმა მედია საშუალებებს მიმართა, რომ საპატრიარქოს გადასცენ ეს ფაილები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) მიერ მიყურადების დეტალების ამსახველი, დაახლოებით, 3 000 დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავდა ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, მათ შორის კომპრომატებს პედოფილიის, წასრული კრიმინალური საქმიანობის, უცხოელ აგენტებთან საუბრების, ნარკოდამოკიდებულების შესახებ.
გარდა ამისა, დოკუმენტები ასახავდა ქართველი ჟურნალისტების საუბრებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან, მათ შორის ეკლესიასთან დაკავშირებით გამართულ საუბრებს და სასულიერო პირებთან ჩანაწერებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იყო შეტანილი.
ფარულ ჩანაწერებში ცალკე თავი ეხებოდა ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ასევე დეტალებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესახებ.
საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე, თუმცა ზოგიერთებმა, მათ შორის სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟურნალისტები ფარულ ჩანაწერებში სასულიერი პირებთან საუბრებს ადასტურებენ
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- სასულიერი პირების შესახებ სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებმა გაჟონა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)