ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 10%-ზე დარჩა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ის 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8% შეადგინა და დასძინა, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია, სავარაუდოდ, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

„ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

ბანკის თქმით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7%-მდე დაჩქარდა.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, თუმცა მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირებას ელოდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)