ქართული ოცნება და გახარიას პარტია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ერთმანეთს ადანაშაულებენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ სავარაუდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა მისი წინამორბედი გიორგი გახარია და მისი გარემოცვა იყვნენ ჩართულნი. ღარიბაშვილის ამ განცხადებას გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ საპასუხო განცხადება მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის იმას, იყვნენ თუ არა ჩართულნი გახარია და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც გახარიას პრემიერობის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ფარული ჩანაწერების გაჟონვაში. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად გახარიას პარტიის წევრია.

„მათ წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ამაზე სპეკულირება მე არ მსურს … ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას“.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიზანი არის, რომ „განტევების ვაცი იპოვონ თავიან მთავარ კონკურენტში“. მან მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, ვინაიდან ისინი, მისი თქმით, „არასწორ“ მინიშნებებს აკეთებენ, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს“, – განაცხადა კიდევ ერთმა დეპუტატმა გახარიას პარტიიდან, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე ხოჯევანიშვილისთვის შესაძლო ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.

გუშინვე პარტიამ „საქართველოსთვის“ ფარული ჩანაწერის საქმის შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება და მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვა.

15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, უარყო, რომ პრემიერობის დროს ჰქონდა ინფორმაცია უცხოელ დიპლომატებზე, ჟურნალისტებზე, მასწავლებლებზე და სასულიერო პირებზე სავარაუდოდ განხორციელებული „მასშტაბური“ მოსმენების შესახებ. გახარიამ ასევე უარყო, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აყენებდა მას საქმის კურსში სავარაუდო მოსმენების მასშტაბის თაობაზე. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ის უსაფრთხოების სამსახურისგან იღებდა ინფორმაციას ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების შესახებ.


გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე მსახურობდა, ხოლო ხოჯევანიშვილი უსაფრთხოების სამსახურში 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტამდე მუშაობდა. გახარიას გადადგომიდან მალევე ამ უკანასკნელმაც დატოვა თანამდებობა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი 2019 წლის იანვრიდან სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო ამჟამინდელ თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა.


სავარაუდოდ, სუს-ის 3 000-ზე მეტმა დოკუმენტმა გაჟონა ინტერნეტში და მათი ლინკი ქართველ ჟურნალისტებსაც გაეგზავნა. ამ დროისთვის, მასალები ინტერნეტში ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა ახალი დეტალები გაჟონილი ჩანაწერებიდან მაინც ირკვევა.

სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში ძირითადად სასულიერო პირების საუბრებია ასახული, თუმცა ისინი ასევე შეიცავს ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეთა და უცხოელი დიპლომატების საუბრებს.

ყველა ფაილი არ არის ზუსტად დათარიღებული, თუმცა მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მმართველობის დროს მომზადდა. ზოგიერთი ფაილი, მათ შორის ისინი, რომლებიც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის და ისრაელის ელჩის რან გიდორის საუბრებს ასახავს, შესაბამისად, 2020 წლის ოქტომბრით და დეკემბრითაა დათარიღებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)