კიევიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება კიევიდან თბილისში დღეს განხორციელდა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა იგი 2017 წელს დააკავეს.
ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. ხუთ საქმეზე იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე, რისთვისაც ქარდავას დაუსწრებლად ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. „ციხის ბუნტის“, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ და „კასრების“, ასევე კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მას ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება ედებოდა.
ექვს სასამართლო საქმეზე, რომელთა განხილვაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ქარდავას ბრალად ედება წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობით განხორციელებული სექსუალური ქმედებები, გაფლანგვა, ასევე მოსკოვში გადამდგარი ქართველი გენერლის შეკვეთილი მკვლელობა.
მეგის ქარდავა 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.
თბილისმა ქარდავას ექსტრადირების თხოვნით კიევს 2017 წილს აპრილში მიმართა და უკრაინის ხელისუფლებამ იგი იმავე წლის ნოემბერში დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარდავა 2018 წლამდე პატიმრობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მას შინაპატიმრობა შეეფარდა.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ქარდავას ექსტრადიციის გადაწყვეტილება 2021 წლის 1 ივნისს მიიღო. ქარდავას ადვოკატმა გადაწყვეტილება ჯერ კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, და მოგვიანებით კიევის სააპელაციო სასამართლოში. ამ უკანასკნელმა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რამაც ქარდავას ექსტრადირება შესაძლებელი გახადა.
ექსტრადიცია 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე განხორციელდა, კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე, რასაც წინ უძღოდა გარკვეული შეფერხება ორი ქვეყნის ურთიერთობებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვის გამო.
ცოტა ხნის წინ ქარდავას ფეისბუქის გვერდზე, სავარაუდოდ, მისი მეუღლის მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ქარდავას ექსტრადირება თბილისსა და კიევს შორის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, ივლისში უკრაინელი მეზღვაურების შეწყალების სანაცვლოდ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)