სექტემბერი, 1921: ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე მსოფლიოს თავისუფალ ერებს მიმართავენ
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 სექტემბერი, N8, სტამბოლი-პარიზი
ყველა ხალხებს.
ჩვენ მოგმართავ ქართველი ხალხის სახელით, იმ ხალხის, რომელიც კვნესის დამპყრობელთა მძიმე უღელ ქვეშ, რომელიც უსაშინლეს გაჭირვებას განიცდის შიმშილის, ტიფის, ხოლერის, შავი ჭირის და სხვა ათასი უბედურებისაგან, და ყველა ამით უკიდურეს სასოწარკვეთილებამდეა მიყვანილი.
საქართველოს რესპუბლიკის სამი წლის დამოუკიდებელ არსებობის ხანაში ჩვენმა ხალხმა არ იცოდა რა იყო შიმშილობა და ეპიდემიები. მაგრამ ყოველივე შეიცვალა ამ ექვსი თვის განმავლობაში ე. ი. მას აქეთ, რაც ბოლშევიკებმა აღმოსავლეთში, თავის იმპერიალისტურ პლანების განსახორციელებლათ დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა. სწრაფათ გაიცალა მცხოვრებლების მიერ შემონახული მარაგი. ნაწილი ბოლშევიკების ჯარებმა და საბჭოთა ბიუროკრატიის არმიამ გაანადგურა, ნაწილი რუსეთში გაზიდეს, როგორც სამხედრო დავლა.
თავის უკუღმართი დეკრეტებით, თვითნებობით, ძალადობით, უკანონო რეკვიზიციებით დამპყრობლებმა დაამხეს ჩვენი წარმოება, მოშალეს ეკონომიური ცხოვრება, შებოჭეს მწარმოებელი შრომა, დაანგრიეს სოფლის მეურნეობა.
ქვა-ნახშირის ამოღება საქართველოში 8-ჯერ დაეცა. თითქმის ყველა ქარხანა-ფაბრიკებში შრომა 50%-ით შემცირდა. რკინის გზებზე მოძრაობა თითქმის სრულად შეწყდა.
და ამ გაძარცულ, გაღატაკებულ ხალხის კისრიდან ბოლშევიკები იღებენ ახალ კონტრიბუციას – პურს, მატყლს, და 50 მილიარდ მანეთს ფულათ.
ყველა ამის შედეგია: შიმშილი, ტიფი, ხოლერა, შავი ჭირი. თფილისში ხალხი ქუჩებში იხოცება შიშილით სინსილა გამოლეული. დედები თავს იკლავენ, რომ შვილების წამებას თავისი თვალით არ უცქირონ.
უცხო უღელი დამპყრობელთა თანდათან უფრო მძიმე და აუტანელი ხდება ხალხისათვის: სარგებლობენ რა ჩვენი ტერიტორიით, როგორც სამხედრო პლაცდარმით თავის იმპერიალისტური ავანტიურებისთვის, ბოლშევიკები ახალ-ახალი ჯარებით ავსებენ ქვეყანას და ეს ჯარები, როგორც კალია, მოედვენ მთელ საქართველოს. რუსეთიდან ბოლშევიკურ ჯარებს ერთი ნამცეცი პური არ მოსდის, და ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ, ძალით ართმევენ ადგილობრივ მცხოვრებლებს.
თავისუფლება წართმეულ ქართველ ხალხს არ შეუძლია თავის საკუთარი ძალღონით გაუმკლავდეს მის თავზე დატეხილ უბედურებას. გარედან ხელოვნურათ შეიტანეს მასში შიმშილი და ეპიდემია. გარედან უნდა მივიდეს დახმარებაც.
და ევროპის და ამერიკის ხალხებმა, რომელნიც მზათ არიან თავის შორეულ მოძმეთ ტანჯვა შეუმსუბუქონ, უნდა იცოდენ როგორ დახმარებას მოელის მათგან საქართველო.
ა) საჭიროა დაუყოვნებლივ მიწოდება პურის და წამლების. ეს დახმარება უნდა მოეწყოს ისე, რომ გაგზავნილი პროდუქტები დაურიგდეს პირდაპირ გაჭირვებულ მცხოვრებთ და არა საბჭოთა კომისრებს და ქვეყნის გამანადგურებელ საოკუპაციო ჯარებს.
ბ) თავისუფალმა ერებმა უნდა აღიმაღლონ ხმა, რომ დაეხმარონ საქართველოს დამპყრობელთა ტირანიისაგან განთავისუფლების საქმეში. დღეს, როცა ბოლშევიკებს აღარ შეუძლიათ დაფარონ გარეშე ქვეყნისაგან ის საშინელებანი, რომლის მსხვერპლი გახდა ქართველებზე ადრე თვით რუსის ხალხი, დღეს, როცა საბჭოთა ხელისუფალნი იძულებული არიან მთელ ქვეყანას მიმართონ დახმარებისათვის, რომ ებრძოლონ შიმშილს, რომელიც მათივე ბოროტმოქმედებით არის შექმნილი, სწორეთ დღეს დადგა დრო, როცა თავისუფალმა ხალხებმა უნდა სთქვან მტკიცე სიტყვა მოსკოვის თვითმპყრობელთა უკანასკნელი ბოროტმოქმედების შესახებ, რომლის მსხვერპლი გახდა ქართველი ხალხი. ხმა მაღლა უნდა გაისმას მოთხოვნა, რათა გაყვანილ იქნენ საქართველოდან ბოლშევიკური ჯარები და ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება თავის ბედის თავისუფლათ გადაწყვეტის.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე – ნიკოლოზ ჩხეიძე