მედია: უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მანიპულირებას ახდენს
ანონიმურმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სუს-ის აგენტები იმ ორგანიზაციებსაც აყურადებენ, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ატარებენ, მათ შორის, „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ (IRI) და მათი შედეგების მანიპულირებას ახდენენ.
მამაკაცმა, რომელსაც „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უწოდა „მნიშვნელოვანი ადამიანი უშიშროების ორგანოდან“, განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახური მიყურადებით იგებს, როდის აპირებს კვლევითი ორგანიზაცია საველე სამუშაოების განხორციელებას და გამოკითხვაში მონაწილეობისთვის აგენტებს აგზავნის.
„მაგალითად, საველე კვლევაზე გადის IRI და გამოკითხვას ატარებს. ოპერატიული ჯგუფის მეშვეობით, ჩვეულებრივად მანიპულირება ხდება ამ ჯგუფის. მაგალითად, მეტროსთან დგანან და ხელმოწერებს აგროვებენ, ან კითხვას სვამენ და აგენტურული ქსელი მიდის იქ და შემოხაზავენ იმას, რა მითითებაც აქვთ“, – განუცხადა ანონიმურმა პირმა „მთავარ არხს“.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს წინასწარ აქვს განსაზღვრული, როგორ მოახდინოს გავლენა ორგანიზაციების მუშაობაზე და ამზადებს ჯგუფებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პარტიის აგიტატორებისგანაა შემდგარი და მათ გამოკითხვებში მონაწილეობისთვის აგზავნის.
ანონიმურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ეგზიტპოლების მანიპულირებაც შეუძლია.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურს უცხოელ დიპლომატებზე, კვლევით ორგანიზაციებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებზე თვალთვალისთვის ცალკე განყოფილებები აქვს.
ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს.
ასევე წაიკითხეთ:
- კალაძის თქმით, „თუ ასეა საჭირო“, უცხოელ დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენ
- ევროკავშირი ფარული მიყურადების საკითხზე „შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს“
- ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)