ევროკავშირმა სავარაუდო მიყურადების გამო საქართველოს ელჩი დაიბარა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე სავარაუდო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გუშინ ევროკავშირის შტაბბინაში პოზიციების გასარკვევად დაიბარეს.
ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დიპლომატების სავარაუდო მოსმენა „კითხვებს ბადებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ამ ტიპის მოქმედებებშია ჩართული ჩვენ წინააღმდეგ“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დისკუსია თვალთვალის ხასიათთან დაკავშირებით.
აღნიშნა რა, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახური დაინტერესებულია, რომ შეისწავლოს საფრთხეები, მათ შორის, ტერორიზმის ან ჯაშუშობის მიმართულებით, ელჩმა განაცხადა, რომ თვალთვალი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს და ის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
„რადგან მეორე მხარეს ადამიანების პირადი ცხოვრება, პირადი სივრცის არსებობის უფლებაა და არ უნდა ხდებოდეს მასზე თვითნებურად თვალთვალის განხორციელება“, – განაგრძო ელჩმა და დასძინა, რომ მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გამოიტანოს დასკვნები გაჟონილი ფაილებიდან.
„თვალთვალი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
- ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში
- ევროკავშირი ფარული მიყურადების საკითხზე „შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს“
ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 12-13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს. ფაილებში ასახულია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩისა და სხვა დიპლომატთა საუბრების დეტალები.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე ფარული მიყურადება „ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“. „ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“, – დასძინა მან.
ოპოზიციამ ქართულ ოცნებას რუსული მეთოდებით მართვაში დასდო ბრალი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტიები, დიდწილად კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილების „ფაბრიკაციაში“ დაადანაშაულა. „ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დიპლომატების მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)