მედიის განვითარების ფონდი: საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა მომძლავრდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის” (MDF) მიერ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაიზარდა დასავლეთის წინააღმდეგ განცხადებების რაოდენობა, ასევე ეტაპობრივად მატულობს გზავნილები, სადაც რუსეთი წარმოჩენილია როგორც უალტერნატივო ძალა საქართველოში.
ანგარიშში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში გაიზარდა გზავნილები ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ. 2019 წელთან შედარებით, ანტიამერიკული გზავნილები თითქმის გაორმაგდა. ანტიდასავლურ ნარატივებშიც ყველაზე დიდი წილი ანტიამერიკულ გზავნილებზე მოდის.
თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტორები თავდასხმით სტრატეგიასთან ერთად თავდაცვით კომუნიკაციაზე გადავიდნენ, რაც თავის მხრივ, „დასავლეთის მხრიდან რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შედეგია“.
მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ანტიდასავლური პროპაგანდის მონიტორინგს ახორციელებს. მათ მეექვსე ყოველწიულ კვლევაში დაკვირვება 15 მედიასაშუალებაზე ხორციელდებოდა, მათ შორის, სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. დაკვირვების შედეგად, სულ 3 545 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა.
ანტიდასავლური გზავნილები
ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიამერიკული გზავნილების მატება ნაწილობრივ ამერიკაში მიმდინარე შიდა პროცესებს, ასევე საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ კრემლისტური პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას უკავშირდებოდა.
ორგანიზაციამ აშშ-ის წინააღმდეგ სამ ახალ პროპაგანდისტულ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება. ესენია – განცხადებები ამერიკაში შიდა პოლიტიკური ვითარების მკვეთრ პოლარიზაციაზე და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე; გზავნილები სისტემურ რასიზმზე ამერიკაში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ და ლობიზმის კორუფციად წარმოჩენა.
რაც შეეხება ევროკავშირის, ახალი გზავნილი ევროკავშირთან მიმართებით კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა, რა დროსაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა. „2020 წელს გაზრდილია გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების უსარგებლობაზე აკეთებენ აქცენტს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს განახევრდა გზავნილები ნატოს წინააღმდეგ, რაც „ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივების არარსებობას უკავშირდებოდა“. ორგანიზაციის თქმით, ნატოსთან მიმართებით ორი ახალი ნარატივი გამოიკვეთა, რომლის თანახმადაც პანდემიის გამო ნატო უფუნქციოა და ყარაბაღის კონფლიქტი ნატოს უსაფრთხოებას ცვლის.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ანტიდასავლურ გზავნილებში ხაზგასმულია მოსკოვის როლი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში და რუსეთი წარმოჩენილია ერთადერთ ძალად, რომელსაც თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს დაცვა შეუძლია. ამ კონტექსტში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიებამ „ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფებისთვის … რუსეთის ამჟამინდელი ოკუპაციიდან ისრები ისტორიულ მტრობაზე გადაეტანათ“.
ძველ გზავნილებთან ერთად, რომ დასავლური ღირებულებები მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან შეუსაბამოა და რომ დასავლეთი საქართველოს მორალურ დეგრადაციას იწვევს, გაჩნდა ახალი გზავნილებიც, რომელთა თანახმად, ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ლგბტ+ დღის წესრიგის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობდა ხელს.
დეზინფორმაციის წყაროები: მედია, პარტიები და ორგანიზაციები
MDF-ის ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყაროა – მედია (1 943), პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები (634), საზოგადოების ცალკეული წევრები (566), საზოგადოებრივი ორგანიზაციები (321) და სასულიერო პირები (81).
ორგანიზაციის თქმით, ანტიდასავლური გზავნილებით პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს, შემდეგ მოდიან – ქართული მარში (38), ნეიტრალური სოციალისტური საქართველო (21), ქართული ოცნება (21), ქართული იდეა (19) და ქართული დასი (19).
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)