„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დღეს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და რამდენიმე შესაძლო დარღვევას, მათ შორის, ძალადობის, პოლიტიკური ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების სავარაუდო შემთხვევებს მიმოიხილავს.
ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა – სავარაუდო ძალადობის 2 შემთხვევა; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 შემთხვევა; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა; არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 12 შემთხვევა; მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიაში მონაწილეობის 1 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 4 შემთხვევა; საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების 5 შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 3 შემთხვევა, ასევე სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი“ და დასძენს, რომ გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ, მათ შორის, დმანისში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის შემთხვევები, რაც „ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა“. დოკუმენტის თანახმად, 7 სექტემბერს ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ხოლო 15 სექტემბერს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების” ქარელის ოფისში „ფიზიკურად გაუსწორდნენ”.
დოკუმენტის თანახმად, „წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ“.
„საგანგაშო იყო „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად იქცა.
ორგანიზაციის თქმით, მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აუდიტის სამსახურს მიმართა თხოვნით, რომ შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ 17 სექტემბერს გავრცელებულ პოლიტიკური შინაარსის ბანერებზე, რომლებზეც მოქმედი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების გარდა, მედიის წარმომადგენლებიც არიან გამოსახულნი.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა და მუქარა, მათ შორის ოპოზიციონერი კანდიდატების წინააღმდეგ, კვლავ ფიქსირდება. „შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
21 სექტემბრის მდგომარეობით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიებს, სასამართლოსა და სხვა შესაბამის უწყებებს 27 საჩივარი წარუდგინა. ორგანიზაციამ იმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, სასამართლოებში 19 სარჩელი წარადგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)