საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2021 წლის ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების სიაში რჩება. საქართველოს ქულა, გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით გაიზარდა და 100-ქულიან სკალაზე 77 გახდა.
Freedom House-ის თქმით, საქართველოს ქულის ზრდა იმ ფაქტორმა გამოიწვია, რომ ონლაინ საქმიანობების გამო საანგარიშო პერიოდში არავინ დაუპატიმრებიათ. თუმცა, ორგანიზაციამ ზოგიერთ ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება და მათ შორის დაასახელა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო გამოთქმული კრიტიკა, ასევე ნელი პროგრესი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებაში და ქალი პოლიტიკოსების შევიწროება ინტერნეტსივრცეში.
„საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები და 2012-2013 წლებში, მთავრობის შეცვლის პერიოდში, ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, „პროგრესი ბოლო წლებში შეჩერდა. ოლიგარქიულ მოთამაშეებს პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე დიდი გავლენა აქვთ, ხოლო კანონის უზენაესობას კვლავ პოლიტიკური ინტერესები აფერხებს“.
ანგარიში 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს. სამი ნაწილისგან შემდგარი ანგარიში ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ინტერნეტზე წვდომის, შინაარსზე დაწესებული შეზღუდვებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით.
ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებები
ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან კვლავ 19-ით არის შეფასებული. ანგარიში აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი გაიზარდა და რომ ის, ზოგადად, ხელმისაწვდომია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფაქტობრივად არ არსებობს გენდერული სხვაობა იმ ქართველ მომხმარებლებში, რომლებიც ინტერნეტს რეგულარულად იყენებენ, თუმცა არსებობს სხვაობა ასაკისა და გეოგრაფიის თვალსაზრისით.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონკურენცია ინტერნეტ პროვაიდერთა შორის მინიმალურია და აღნიშნა, რომ „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ საკომუნიკაციო ბაზრის სამ-მეოთხედს აკონტროლებენ და შესაბამისად, მათი საბაზრო წილი 49.2% და 31.2%-ია. ანგარიშის თანახმად, „ამგვარ კონცენტრაციას ფასწარმოქმნასა და მომსახურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია“. Freedom House-ის ინფორმაციით, მობილური მომსახურების ბაზარზე სამი პროვაიდერი დომინირებს – „სილქნეტი“, „მაგთიკომი“ და „ვიონი საქართველო“.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება მიენიჭა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს და დასძინა, რომ კომისიამ ეს უფლებამოსილება „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ გამოიყენა. ანგარიშში ასევე ნახსენებია ვენეციის კომისიის მოსაზრება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ცვლილებები მმართველის დანიშვნის თაობაზე „საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება“.
შეზღუდვები შინაარსზე
საქართველოს მაჩვენებელი მოცემულ კატეგორიაში კვლავ 35 ქულიდან 31 ქულაზე დარჩა. ანგარიში აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ვებგვერდებზე წვდომაში, შინაარსის ატვირთვასა და ჩამოტვირთვაში, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით კომუნიკაციაში რაიმე შეზღუდვები არ შეხებიათ.
დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლების თხოვნა ონლაინ კონტენტის წაშლის თაობაზე იშვიათია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გამჭვირვალობის შესახებ Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის ბოლო ანგარიშების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას საანგარიშო პერიოდში რაიმე შინაარსის წაშლა არ უთხოვია.
დოკუმენტი აღნიშნავს, რომ არსებობს რანდენიმე აშკარა შეზღუდვა ინტერნეტის და ონლაინ კონტენტის თვალსაზრისით, თუმცა დასძენს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის სამიზნე გახდა „არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით“ მედიის რეგულირების თაობაზე „ბუნდოვანი“ კანონმდებლობის მიღების გამო. Freedom House-ის თქმით, არსებობს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის ახალი უფლებამოსილება, „შეურაცხმყოფელი ლექსიკა“ განსაზღვროს, საშუალებას მისცემს მარეგულირებელს, რომ მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობა შეზღუდოს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „სახელისუფლებო და სხვა შიდა პოლიტიკური მოთამაშეები ონლაინ შინაარსით მანიპულირებას შეეცადნენ, რათა გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს“.
თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2020 წლის სექტემბერში საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ტიპის საქმიანობები სოციალურ მედიაში. ანგარიშში ასევე საუბარია 2020 წლის ოქტომბერში Facebook-ის მიერ პატრიოტთა ალიანსთან და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ანგარიშების და გვერდების გაუქმების შესახებ.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევა
ამ კატეგორიაში საქართველოს ქულა 40-დან 1 ქულით, 27-მდე გაიზარდა, ვინაიდან საანგარიშო პერიოდში, ონლაინ აქტივობის გამო არავინ დაუკავებიათ.
Freedom House-ის თქმით, მაშინ როცა ციფრული უფლებები საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, „არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა სასამართლო სისტემას, რომლის დამოუკიდებლობაც შეზღუდულია, ამგვარი დაცვის აღსრულება“. დოკუმენტის თანახმად, „სასამართლო დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევა“.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს მიერ ინტერნეტსაქმიანობაზე განხორციელებული თვალთვალი ქართველების პირადი ცხოვრების უფლებას საფრთხეს უქმნის“. ანგარიშის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და საქართველოში სხვა ქვეყნებიდან დევნილ ადამიანებს უთვალთვალებს.
Freedom House-მა განაცხადა, რომ ფარული მიყურადების შესახებ ახალი რეგულაცია საშუალებას აძლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, აიძულოს ინტერნეტსერვისის პროვაიდერები, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მომხმარებელთა საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჯარიმდებიან.
ანგარიშში, რომლის თანახმადაც, კიბერთავდასხმები საქართველოში აქტუალური საკითხი გახდა, საუბარია 2020 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტროზე, 2020 წლის ოქტომბერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე და 2021 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში
- სასულიერო პირების შესახებ სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებმა გაჟონა
This post is also available in: English (ინგლისური)