სახელმწიფო ინსპექტორი: შსს-მ ლაშქარავას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპი დაარღვია 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა „კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი“, როდესაც ტელეკომპანია „პირველის“ იმ დროს უკვე გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ლაშქარავამ, რომელიც ჰომოფობიურ აქციაზე მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული წამლები და ნარკოტიკები შეიძინა.

დაახლოებით ორთვიანი გამოძიების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორმა განაცხადა, რომ შსს-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი დაარღვია, ვინაიდან ჩანაწერები ისე გამოაქვეყნა, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი არ განმარტა.

ინსპექტორის სამსახურის თქმით, სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაარღვია იმავე კანონის მე-5 მუხლი.

სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა სამედიცინო დაწესებულებას მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალა. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს გაზრდილი ჯარიმა წლის განმავლობაში კანონის განმეორებითი დარღვევისთვის დაეკისრა.

ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლაშქარავას პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტსივრცეში 11 ივლისს გავრცელდა, სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული მონაცემების იდენტური იყო. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამინისტროს თანამშრომელმა ინფორმაცია წყაროს მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ის ინტერნეტში გაავრცელა.

სახელმწიფო ინსპექტორმა განაცხადა, რომ ვინაიდან შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საკითხის ცალკე გამოძიება დაიწყო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად იდეა, რომ, შესაძლოა, ლაშქარავა ზედოზირებით გარდაცვლილიყო, მისი გარდაცვალებიდან მალევე გააჟღერა. მეორე დღეს, შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის პირველად შედეგებზე დაყრდნობით თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება ყოფილიყო. გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები უწყების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციას ცდილობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)