არჩევნები გერმანიაში – ცოცხლად
20:44 ანნალენა ბერბოკმა, მწვანეების თავქალმა და ქრისტიან ლინდნერმა თქვეს, სოციალ-დემოკრატებთანაც შეგვიძლია თანამშრომლობა და ქრისტიან-დემოკრატებთანაცო. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტიის მზარდი მხარდაჭერა მომავალი მთავრობის გარემოსდაცვით დღის წესრიგში უნდა აისახოს. ლინდნერმა დასძინა, რადგან ჩვენსა და მწვანეებზე ჰკიდია ახლა კანცლერის ვინაობა, ეგებ ჯერ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და ერთიანი პოზიცია შევათანხმოთო.
20:30 იმავე გადაცემაში, არმინ ლაშეტმა იხტიბარი არ გაიტეხა – მეორე ადგილზე რომც გავიდეთ, მთავრობის შექმნას მაინც ჩვენ შევეცდებით, ყოველთვის როდი ყოფილა კანცლერი გამარჯვებული პარტიიდანო. ისიც დაამატა, მწვანეები და თავისუფალ დემოკრატები ჩვენთან უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, ვიდრე სოციალ-დემოკრატებთანო.
20:27 ოლაფ შოლცმა ეროვნულ მაუწყებლებს, ARD-სა და ZDF-ს უთხრა, ხალხმა მართვისათვის “ნათელი მანდატი” სოციალ-დემოკრატებს გადმოგვცაო. აქვე დასძინა, როცა კოალიციაზე ვსაუბრობთ, იდეოლოგიური თვალსაზრისით მწვანეებთან ყველაზე დიდი თანხვედრა გვაქვს, მაგრამ მესამე პარტნიორი რომ გვჭირდება, ეს საქმეს ართულებსო. ისიც თქვა, კოალიციის შესაქმნელი მოლაპარაკებების გაწელვა არ ღირს, ხალხი ცვლილებებს ელისო.
19:51 ამ დროისათვის, როგორც სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ოლაფ შოლცმა, ისე ქრისტიან-დემოკრატების მეთაურმა არმინ ლაშეტმა თქვეს, რომ კანცლერობისთვის ბრძოლას აპირებენ. ეს ნიშნავს, რომ ორივე ლიდერი შეეცდება მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები (FDP) გადაიბიროს. მწვანეებმა ჯერჯერობით ის თქვეს, რომ ორივე ლიდერთან საუბრისათვის მზად არიან.
19:40 ტელეარხ ZDF-ის გათვლით, იმ პროგნოზებით, რომელიც ამ მომენტამდე ქვეყნდება, შესაძლებელია შემდეგი მმართველი კოალიციები: 1. “შუქნიშანი” (SPD, FDP, მწვანეები): 428 მანდატი (უმრავლესობისთვის საჭიროა 379)2. დიდი კოალიცია (SPD, CSU/CDU): 4133. “იამაიკა” (CDU/CSU, მწვანეები, FDP): 419მემარცხენე კოალიციას (SPD, მწვანეები, ლინკე) ჯერჯერობით ექვსი მანდატი აკლდება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს…
18:34 ეგზიტ პოლების შედეგებით მოწინავე ორ პარტიას შორის გამარჯვებულის გამოვლენა ჯერ ვერ ხერხდება. სოციალ-დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ZDF-ის პროგნოზი გამართლდება და მათი პარტია 26%-თ გავა პირველ ადგილზე, რაც მთავრობის შექმნისთვის პირველი მცდელობის საშუალებას მისცემთ. ქრისტიან-დემოკრატებს უხარიათ, რომ SPD-ს, მწვანეებს, და ლინკეს არა აქვთ საკმარისი ხმები პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად.
18:07 პირველადი შედეგები (ეგზიტპოლები) უკვე ცნობილია. პირველი ექვსეული ხმების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:1. SPD – 25%2. CDU/CSU – 25%3. Grünen – 15 %4. AFD – 11%5. FDP – 11%5. Linke y 5%
18:00 გერმანიის დროით 18:00 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის 8 საათზე გაღებული საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო.გამონაკლისს წარმოადგენს ბერლინი, სადაც დიდი რიგის, ქალაქში გამართული მარათონის და საარჩევნო ფურცლების არევის გამო ხმის მიცემა გაჭიანურდა. ამიტომ, ყველა ის ბერლინელი ამომრჩეველი, რომელიც 18:00 საათამდე ხმის მისაცემად რიგში ჩადგება, შეძლებს თავისი არჩევანის დაფიქსირებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი იდგება ამ რიგში. ამის პარალელურად, რამდენიმე წუთში უნდა გამოქვეყნდეს არჩევნების პირველადი შედეგები (ეგზიტპოლები), რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, მათ შორის ჩვენც.
17:39პარტია “თავისუფალი ამომრჩევლების” ხელმძღვანელს და ბავარიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჰუბერტ აივანგერს, ხელი წასცდენია და ცოტა ხნის წინ არჩევნების პირველადი შედეგები თავისსავე თვითერის გვერდზე გამუქვეყნებია, კრიტიკის შემდეგ კი ისევ წაუშლია. საქმე იმაშია, რომ გერმანული საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს, საარჩევნო უბნების დახურვამდე (18:00 საათი) პირველადი შედეგების გამოქვეყნებას. კანონის დამრღვევს კი ჯარიმის სახით 50 000 ევროს გადახდა ეკისრება. აივანგერის პარტია პარლამენტში შესვლისთვის იბრძვის. ბოლო გამოკითხვებით, მისთვის მოსახლეობის 3 პროცენტი აპირებდა ხმის მიცემას.
16:18წლევანდელ არჩევნებზე განსაკუთრებით ბევრი გერმანელი გამოცხადდა. გამონაკლისს ბერლინი წარმოადგენდა, 12 საათამდე ბერლინის მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტს ჰქონდა მოხდილი თავისი მოქალაქეობრივი ვალი, რაც 2017 წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ბერლინისგან განსხვავებით, 11 საათისთვის ეს რიცხვი ჰამბურგში 50,2 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის დიდი ნაწილი ფოსტით მიცემული ხმებია. მაგალითისთვის, 4 წლის წინ, ამავე დროს აქტივობა თითქმის ნახევარი, 25 პროცენტი იყო.
15:40უცხოეთში დაახლოებით 3,4 მილიონი გერმანელი ცხოვრობს, რომელსაც არჩევნებში შეუძლია მონაწილეობის მიღება – აქედან 80 პროცენტი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.თუმცა, მათგან, მხოლოდ 126 500 ადამიანმა გამოხატა სურვილი მიეცა ხმა და დარეგისტრირდა არჩევნებზე.
15:20ანნალენა ბერბოკი იმედოვნებს რომ მწვანეთა პარტია იმაზე ბევრად მეტ ხმას მიიღებს, რასაც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს. იმისა, რომ ამ მდგომარეობით მწვანეთა პარტია მესამე ადგილზეა, ანნალენა ძალიან თავდაჯერებული ჩანდა კამერების წინ.
14:52რიგები დამდგარა ბერლინში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ზოგიერთს, ერთ საათზე მეტხანსაც კი უწევს თურმე ლოდინი. მათ შორის, რიგში დგომა მოუწია ანნალენა ბერბოკსაც. კანცლერობის კანდიდატი მწვანეთა პარტიიდან, შუადღის 2 საათისთვის გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოიხადა. ბერბოკი ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვიდა პოტსდამში და როგორც მწვანეთა კანდიდატს შეეფერება, ველოსიპედით გამოცხადდა მომხრეებთან შეხვედრაზე. ხმის მიცემის შემდეგ ბერბოკმა განაცხადა, მთელი მსოფლიოს ყურადღება გერმანიისკენ არის მოპყრობილი და ეს ძალიან ამაღელვებელიაო.
12:09კანცლერობის კანდიდატმა, არმინ ლაშეტმა დილით თაფლიანი ტოსტითა და ყავით ისაუზმა და მეუღლესთან ერთად, ხმის მისაცემად ქალაქ აახენისკენ გაემართა. ხმა იმ სკოლაში მისცა, სადაც მისი სამი შვილი სწავლობს. დიდი ამბები მოჰყვა მის მიერ ხმის მიცემას. საქმე იმაშია, რომ ლაშეტმა სასურველი პარტიის შემოხაზვის შემდეგ, ფურცელი ისე დაკეცა, რომ მშვენივრად ჩანდა, თუ ვის მისცა ხმა. გერმანული საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, სასურველი კანდიდატის შემოხაზვის შემდეგ, ფურცელი ისე უნდა გადაკეცოთ, რომ არ ჩანდეს თქვენი არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხმის მიცემის უფლება არც კი მოგცენ. არმინ ლაშეტისთვის შენიშვნა არავის მიუცია!
11:51“დემოკრატიაში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ ხმის მიცემის უფლება გაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებელია, რომ აღნიშნული შესაძლებლობა ყველამ გამოვიყენოთ. საუბარია თითოეული ჩვენგანის მომავალზე! ვისაც კლიმატის პრობლემებზე მოფიქრალი მთავრობა უნდა, ხმა მწვანეთა პარტიას უნდა მისცეს” – ამავე პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ანნალენა ბერბოკი თვითერზე.
11:35 სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და კანცლერობის კანდიდატი, ოლაფ შოლცი ახლახან, მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მაქს დორთუს სახელობის სკოლაში, სადაც ხმა მისცა. გარეთ გამოსულმა მცირე კომენტარიც გააკეთა, დღეს გერმანიაში მზიანი ამინდია და ეს კარგის ნიშანიაო. არჩევნებზე უკვე იმყოფებოდა ბავარიის პრემიერ-მინისტრი, ქრისტიან-სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი მარკუს ზოდერიც, რომელიც, აქტიურად უჭერს მხარს არმინ ლაშეტის კანცლერობას. ურნაში კონვერტის ჩაგდების შემდეგ ზოდერმა ღიმილით თქვა, ახლა ყველაფერი კარგად იქნებაო.
10:59ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიას სამომავლოდ, სავარაუდოდ, სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია წარმართავს. ესენი შეიძლება გახდნენ: 1. SPD+Grünen+FDP2. SPD+Grünen+Linke3. CDU+Grünen+FDP. ასევე სავარაუდოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მრავალფეროვან არჩევანს გააკეთებენ მოქალაქეები, შეიძლება წელს გერმანიის პარლამენტში რეკორდული, 900-მდე მანდატი იქნეს წარმოდგენილი, განსხვავებით წინა წლისგან, როცა ეს რიცხვი 709 იყო.
09:56 გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, ამ არჩევნებზე რეკორდულად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ იცის, თუ ვის მისცეს ხმა.ასეთებისთვის არსებობს ერთი ძალიან საინტერესო გვერდი wahl-o-mat, სადაც ამომრჩეველს საშუალება აქვს პარტიების იდეოლოგიურ ხედვებს გადაავლოს თვალი და სპეციალური ტესტი შეავსოს, რომელიც ბოლოს აჩვენებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის პროგრამას ემთხვევა ამომრჩევლის აზრები ყველაზე მეტად.
09:47 ქალაქ ვუპერტალში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის ამ დილით აღმოჩენამ საარჩევნო პროცესი შეაფერხა. აღმოჩენილი ბომბიდან 500 მეტრის რადიუსში 5 საარჩევნო უბანია განთავსებული. 1500-მდე ადამიანი მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია.ქალაქის მერია ბომბის გაუნებელყოფამდე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
09:40გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ, ვალტერ შტაინმაიერი ახლახან იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, ბერლინში, სადაც ხმა მისცა.
09:24უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ხმები ასე ნაწილდება: სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) -25% ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (CDU) -24% მწვანეები ( Die Grünen) – 16% თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) – 10,5% ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) – 10% ლინკე (Linke) – 5%
08:57 გერმანიის პრეზიდენტმა, ვალტერ შტაინმაიერმა მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა.დემოკრატია მხოლოდ ხალხის ჩართულობით ყალიბდება და ვინც საარჩევნო ურნებთან მიხვალთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი როლი შეიტანეთ გერმანიის დემოკრატიულობის გაძლიერებაშიო.ვინც არჩევნებზე არ გამოცხადდებით, თქვენ ნაცვლად სხვა აირჩევს, თავად ვინც უნდა იმასო.
08:32 ვარაუდობენ, რომ წელს რეკორდულად ბევრი გერმანელი ხმას არა საარჩევნო უბნებზე, არამედ ფოსტით მისცემს – მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი. გერმანიაში მსგავსი სახით არჩევნებში ხმის მიცემა 1957 წლიდანაა შესაძლებელი.
08:00 60 000-მდე საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია. სულ 60 მილიონზე მეტ გერმანელს შეუძლია დღეს ხმის მიცემა. მათი ნაწილი ამას საფოსტო გზავნილის საშუალებით გააკეთებს. არჩევნებში სულ 47 პარტია მონაწილეობს. პირველადი შედეგები კი 18:00 საათზე გახდება ცნობილი.