ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 სექტემბერს ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას დაესწრო და უცხოელ ლიდერებს შეხვდა.
ბოლო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა 24 სექტემბერს თავის ბერძენ კოლეგასთან, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართა. მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ გაჯანსაღებაში ტურიზმის როლი განიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ასევე იყო ქართული დელეგაციის წევრი, ვიზიტი რამდენიმე კოლეგასთან შეხვედრით დაასრულა. 24 სექტემბერს იგი ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ყირგიზეთის, სინგაპურის, კოტ-დ’ივუარი, რუანდისა და განას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ჩეხ კოლეგასთან, იაკუბ კულჰანეკთან შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს 2018-2023 წლების სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია.
თავის მხრივ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში.
აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 20 სექტემბერს დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
- პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს
- ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ესწრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)