პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26-28 სექტემბერს პარიზს სტუმრობს, სადაც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთმა საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკა 1921 წლის 26 იანვარს აღიარა, საბჭოთა წითელი არმიის მიერ თბილისის აღებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. თბილისის აღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ქუთაისში, შემდეგ ბათუმში და ბოლოს – 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

26 სექტემბერს, ინვალიდების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ისტორიაზე ისაუბრა და განაცხადა – „საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა“.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგულ-ქართული ურთიერთობა „ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია“. მისი თქმით, საქართველო მიუხედავად იმისა, რომ  ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, „ყოველთვის ევროპა იყო და იქნება“. პრეზიდენტმა დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ცერემონიის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, რომელიც 1942 წელს საფრანგეთისთვის ბრძოლის დროს დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ ასევე დააჯილდოვა, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)