საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 10 სექტემბერს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-15 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. ანგარიშში ასახულია, როგორც სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა გარეშე მიმდინარე სხდომების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები, აგრეთვე შეფასებულია დისტანციური სამართალწარმოების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ორგანიზაციის თქმით, 464 ბრალდებულის 396 სასამართლო მოსმენამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილთა 98%-ს გირაო (44%), ან პატიმრობა (54%) შეეფარდა. საიამ აღნიშნა, რომ სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენა პირადი თავდებობა.
ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ – 66 (27%) პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და 71 (36%) პირის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი ან სასამართლო სხდომაზე მიზანშეწონილობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს,საიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე 333 (72%) ბრალდებულის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა 93 (28%) ბრალდებულის შემთხვევაში.
მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, პროკურატურის მიერ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების 85 (43%) შუამდგომლობიდან სასამართლომ 73 (86%) შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნაწილში არ მიიჩნია შუამდგომლობა დასაბუთებულად და შეამცირა გირაოს თანხის ოდენობა. გირაოს 85 შუამდგომლობიდან ბრალდების მხარე მხოლოდ 2 შემთხვევაში ითხოვდა გირაოს მინიმალურ ოდენობას (1000 ლარს).
ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველი წარდგენის 256 სხდომაზე 299 (64%) ბრალდებული წარსდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით. 255 (86%) შემთხვევაში, „რადგან სხდომაზე არ მოხდა დაკავების კანონიერების განხილვა უცნობი დარჩა დაკავების საფუძველი. 4 შემთხვევაში სასამართლომ დაკავება ცნო უკანონოდ“, – აცხადებს საია.
ორგანიზაციის თქმით, კოვიდ-19 პანდემიამ არსებითი გავლენა მოახდინა სამართალწარმოების პროცესზე, მათ შორის საჯარო განხილვის უფლებაზე. „სხდომები საჯაროდ ყოველთვის არ ქვეყნდება. განსაკუთრებული სიმწვავით კი ეს პრობლემა თავს იჩენს პირველი წარდგენის სხდომებზე“, – ნათქვამია მონიტორინგის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „პრობლემურია პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა. არასაკმარისი ტექნიკური საშუალებები და მათი მოხმარების მცოდნე პერსონალის ნაკლებობა იწვევს პატიმართა რიგებს, რის გამოც ხშირია სხდომების გადადებისა და დაგვიანებით დაწყების შემთხვევები“.
საია-ს თქმით, პრობლემურია დისტანციურ სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევა. ამას გარდა, დისტანციური ჩართვებისას დაუცველი იყო ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონფიდენციალური კომუნიკაცია. მონიტორინგმა აჩვენა, რომ რისკების შემცველია მოწმეთა დისტანციურ სხდომაზე დაკითხვა, კერძოდ, „სასამართლოსთვის რთულია შეამოწმოს, ხომ არ იმყოფება მოწმესთან ერთად ვინმე ვინც უკარნახებს მას, რა უპასუხოს კონკრეტულ კითხვებზე ან/და მოწმე ხომ არ კითხულობს წინასწარ მომზადებულ ტექსტს“. ორგანიზაციის თქმით, დაფიქსირდა 7 შემთხვევა, როდესაც მოწმეები პოლიციის განყოფილებიდან იკითხებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)