საქართველოში დაბრუნებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი გამოაქვეყნა, და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 23:00 საათისთვის იგი საქართველოში იქნება.
ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხდეს, რომ დაბრუნების შემთხვევაში, სააკაშვილს პატიმრობა ემუქრება. პარალელურად, პარტია კანონი და სამართლის დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის „მშვიდობიანად“ დასაბრუნებლად და მის დასაცავად მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნა, სადაც მისივე თქმით, უკვე 100 000-მდე მოქალაქე გაწევრიანდა.
ქვემოთ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებაზე ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებებია წარმოდგენილი:
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი, აქვს სრული უფლება მშვიდობიანად, მშობელთან ერთად, დედასთან ერთად, დაბრუნდეს საქართველოში. ის პოლიტიკური საქმეები, რომლებიც შეთითხნილია ქართული ოცნების მიერ, პოლიტიკურად დაკვეთილია რუსეთის ფედერაციის მიერ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება განმსაზღვრელი მიხეილ სააკაშვილის სტატუსის საქართველოში“;
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არის ამ ფოკუსის დაკარგვა“;
გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა/სტრატეგია აღმაშენებელი: „ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ამიტომ, კონცენტრაცია გავაკეთოთ მთავარ მიზანზე, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ვფიქრობ, რომ მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს იმ ფონს, რომ საბოლოო ჯამში, დიდმა რაოდენობამ საქართველოს მოქალაქეებისა მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით“;
იაგო ხვიჩია – გირჩი: „მე ამ ბილეთის აღების მერეც კვლავ ვაგრძელებ ძებნას ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების, რომლებიც დამენიძლავებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, 1 მილიონ ქართულ დოლარზე [გირჩის ვალუტაზე]… Ძალაშია ასევე ჩვენი შეთანხმება და საჯაროდ ნათქვამი სიტყვა, რომ თუ ჩამოვა მას „პორშეთი“ მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილას“;
გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ბუნებრივია, ქართული ოცნება შეეცდება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლით მანიპულირებას, მათ შორის, წინასაარჩევნო მობილიზების გახშირებას, სწორედ, რომ სააკაშვილის შიშის ფაქტორის გამოყენებით… Ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება იმას, თუ სად იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი“;
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა: „აქ დასვამენ თვითმფრინავს თუ იქ დასვამენ, ციხეში ჩასვამენ თუ არ ჩასვამენ, ერთი ერთმანეთზე უარესი უბედურება არის ბიძინა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის… მთავარია, უბრალოდ ყველაფერი მოხდეს ისე, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები და ჩვენ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ისე მოვაგვაროთ ეს ძალიან კრიტიკული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს პროცესი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)