საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ
ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისში ჩამოვიდნენ.
არჩევნებს შვიდი ევროპარლამენტარი დააკვირდება, მათ შორის არიან – დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ გალერი (გერმანია), ასევე ევროპარლამენტარები – მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (ესტონეთი), კატალინ ჩეჰი (უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ჯორდი სოლე (ესპანეთი) და ანა ფოტიგა (პოლონეთი).
ევროპის საბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში 18 დამკვირვებელია 15 ქვეყნიდან და მას დევიდ ერაი (შვეიცარია) ხელმძღვანელობს. დელეგაცია არჩევნების დღეს ცხრა გუნდს გაამწესებს.
კენჭისყრის წინ, დამკვირვებლები 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერს მოსამზადებელ შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, დიპლომატებსა და ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან.
კენჭისყრის მეორე დღეს, 3 ოქტომბერს 15:00 საათზე, დელეგაცია, ევროპარლამენტის დამკვირვებლებსა და ეუთო/ოდირთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
NDI-მ და IRI-მ 29 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც მათი ექსპერტების გუნდები უკვე თბილისში იმყოფებიან იმ სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში, რომლებიც 6 სექტემბერს გაიხსნა.
NDI-ის და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდებიან.
ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას „როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური და კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ“ მოუწოდებენ. განცხადების თანახმად, IRI-ის და NDI-ის ექსპერტთა გუნდები არჩევნებამდე ან მის შემდგომ ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)