თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს, უწყების სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად, ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელია, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მლნ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში. სასამართლომ შეცვალა ქვედა ინსტანციების მიერ 2017 წელს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება ნინუას, იგი უკვე გასამართლებულია.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის უწყების მიმართ კეზერაშვილისა და ნინუას „დანაშაულებრივი ქმედებით“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გააკრიტიკა რა ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაფლანგვის ქმედება „ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა“.
კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, სარჩელით ხელისუფლება ტელეკომპანია „ფორმულას“ აქტივების დაყადაღებასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე პირდაპირ კავშირშია „ფორმულასთან“ და მის სარედაქციო პოლიტიკასთან და დასძინა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ტელეკომპანიას პრობლემები შეუქმნას.
კეზერაშვილი 2004-2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი – 2008 წლამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა. შემდგომ მან კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.
2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, მის წინააღმდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათგან ორში იგი დაუსწრებლად გამართლდა. 2014 წელს საფრანგეთის, ხოლო 2016 წელს ლონდონის სასამართლოებმა საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადეს.
„ფორმულას“ განცხადება
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს ტელეკომპანია „ფორმულაში“. ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ უწყების ეს ნაბიჯი „ზოგადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის“ ნაწილად შეაფასა, რასაც ხელისუფლება „უკანასკნელ პერიოდში ახორციელებს და „როგორც ჩანს ეს ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის“.
„ტელეკომპანია“ ფორმულაზე და მის დამფუძნებელზე „დაჩქარებული ტემპებით“ იერიშის მიტანა გუმბარიძემ არხის ეთერში 27 სექტემბერს კომპანია „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგების გაშვებას დაუკავშირა, საიდანაც ჩანს, რომ „ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას“.
გუმბარიძემ ისიც აღნიშნა, რომ „ფორმულას“ ხელმძღვანელობას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია „ედისონ რისერჩთან“ და „რა სცენარითაც უნდა განვითარდეს მოვლენები“, არჩევნების დღეს დაგეგმილი ეგზიტპოლის შედეგები „რომელიმე [სხვა] ქართული არხის ეთერში“ მაინც გავა. მანვე მოუწოდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ გაატაროს „ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიაზე“ და მის თანამშრომლებზე.
მანვე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის საქმეების „დაჩქარებული ტემპით განხილვაც“ გაიხსენა და გამოთქვა ეჭვი, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე არასასურველი შედეგების დადგომის შემთხვევაში, ხელისუფლება სამივე კრიტიკული არხის მაუწყებლობის შეფერხებას ან გაჩერებას შეეცდება.
მანვე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და 2 ოქტომბრის „მნიშვნელოვან“ არჩევნებზე ისეთი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყანაში მოიტანს მრავალფეროვნებას და დაასრულებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.
შენიშვნა: მასალა ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადების შესაბამისად განახლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)