საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შუალედური ანგარიში
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ (TIG) 30 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ ქართული ოცნების ფინანსები დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლის პერიოდს მოიცავს, ორგანიზაციამ არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი შეარჩია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან რომელთაც წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.
ანგარიშის თანახმად, მთლიანი შემოსავლებისა და ხარჯების 70% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც „პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს“.
„სხვა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც აქტუალური იყო პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და მათზე ადეკვატური რეაგირების ნაკლებობა“, – ნათქვამია ანგარიშში. მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 122.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 4.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იმავე პერიოდში ქართული ოცნების სასარგებლოდ დაახლოებით 2 მლნ ლარი გაიღეს.
პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები
საანგარიშო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 11.9 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის 79% კერძო შემოწირულებებს წარმოადგენს, 17% – სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო 4% კრედიტია.
კერძო შემოწირულებების ყველაზე დიდი წილი 7.8 მლნ ლარი (84%) ქართულმა ოცნებამ მიიღო. შემდეგ მოდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 757 811 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა 543 182 ლარით.
პარტია ლელომ 104 000 ლარი მიიღო შემოწირულების სახით; ევროპულმა საქართველომ – 74 300 ლარი; პატრიოტთა ალიანსმა 34 400 ლარი; მესამე ძალამ – 22 500 ლარი; ლეიბორისტულმა პარტიამ კი – 200 ლარი.
საანგარიშო პერიოდში შემოწირულება საერთოდ არ მიუღია რამდენიმე პარტიას, მათ შორის არიან – მოქალაქეები, კანონი და სამართალი, გირჩი, პროგრესი და თავისუფლება და ევროპელი დემოკრატები.
პარტიების მიერ გაწეული ხარჯები
საანგარიშო პერიოდში, 13-მა პარტიამ 10.9 მლნ ლარი დახარჯა. სიის სათავეში კვლავ მმართველი პარტიაა 7.6 მლნ ლარით. შემდეგ მოდიან – ლელო და „საქართველოსთვის“ 796 369 და 703 694 ლარით.
ნაციონალური მოძრაობა მეოთხე ადგილზეა 521 304 ლარით. მას მოჰყვებიან – გირჩი 454 330 ლარით; ევროპული საქართველო – 330 962 ლარით; მოქალაქეები – 213 404 ლარით; პატრიოტთა ალიანსი – 125 947 ლარით და მესამე ძალა – 103 431 ლარით.
რეკლამის ხარჯები
საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტებმა რეკლამაზე ჯამურად 6 705 488 ლარი დახარჯეს. იჯარის, ოფისისა და შრომის ანაზღაურების ხარჯებმა კი – 1.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ხარჯების 15%-ია, ხოლო ხელფასების წილი 3% იყო.
ქართულმა ოცნებამ რეკლამაზე 5.3 მლნ ლარი დახარჯა, რაც რიგითობით მომდევნო პარტიაზე თითქმის 10-ჯერ მეტია. ლელომ რეკლამისთვის 539 321 ლარი დახარჯა, გიორგი გახარიას პარტიამ კი – 336 566 ლარი.
შემდეგ მოდიან – მოქალაქეები – 190 879 ლარი; გირჩი – 124 741 ლარი და ევროპული საქართველო – 72 498 ლარი.
ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამაზე 65 950 ლარი დახარჯა; მესამე ძალამ – 37 626 ლარი; პატრიოტთა ალიანსმა – 34 262 ლარი; ევროპელმა დემოკრატებმა – 4 380 ლარი, ხოლო ლეიბორისტულმა პარტიამ – 200 ლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)