„საია“-მ 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) გუშინ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 3 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 4 შემთხვევაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 5 შემთხვევაზე, აგიტაციაში სავარაუდოდ უკანონო მონაწილეობის 2 და ამომრჩევლის მოსყიდვის 7 შემთხვევაზე, ასევე სავარაუდო იძულების და მუქარის ფაქტებზე, წვრილმანი ხულიგნობის 2 შემთხვევაზე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის 4 და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 2 შემთხვევაზე, ასევე პოლიტიკური პარტიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე შემთხვევაზე.
ორგანიზაცია დმანისში ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერის დაჭრის, ასევე რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერზე თავდასხმის და ოზურგეთში ძალადობის ორ შემთხვევასაც შეეხო.
„საია“-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამართალდამცველების მხრიდან ბიზნესმენებზე სავარაუდო ზეწოლას, ასევე გიორგი გახარიას პარტიისა და სტრატეგია აღმაშენებლის კანდიდატების წინააღმდეგ მუქარას ჰქონდა ადგილი, რათა მათ საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას, „საიამ“-მ განაცხადა, რომ ქართული ოცნება, ევროპული საქართველო, ლელო და ნაციონალური მოძრაობა გამოვიდნენ ინიციატივით, მოსახლეობას აცრის პროცესში დახმარებოდნენ. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ წალენჯიხის მოსახლეობას საკვები პროდუქტები დაურიგა, ხოლო პარტია საქართველოსთვის აქტივისტებმა “ქალაქ ჯვარში ფრენბურთის მოედანი აღადგინეს“.
რაც შეეხება პოლიტიკური საქმიანობების ხელშეშლის შემთხვევებს, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ უარი თქვა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს რეკლამების გაშვებაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ბანერებისა და პლაკატების დაზიანების შემთხვევებს.
ანგარიშის თანახმად, მარინე აბულაძე, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტად მუშაობდა და თამარ აბულაძე, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა, იმის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, რომ ისინი პარტია საქართველოსთვის წევრის ნათესავები იყვნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- საია „ტოტალური კონტროლის“ შესახებ საუბრობს
- საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა
- „საია“-მ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)