სამმა არასამთავრობომ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა
სამმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და თქვა, რომ ის „მეტნაკლებად კონკურენტული“ იყო.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველა პარტიას ჰქონდა, „მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო“.
„წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ“, – განაცხადეს არასამთავრობოებმა.
მათივე განცხადებით, „ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა“ და „წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“.
„ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში.
„მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურმა გამოძიებამ გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პროცესებზე და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდა“, – ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო“.
არასამთავრობოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემოდგომ ქვეყანაში წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმა „დიდწილად აისახა“ საარჩევნო კოდექსში, „კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების არსებული მოდელი და საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი“.
ორგანიზაციების შეფასებით, „ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე“.
„თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას უერთდება
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)