სალომე ზურაბიშვილი არეულობის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ ცნობებით გამოწვეული დაბნეულობის ფონზე, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არეულობის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე საუბრობს.
პრეზიდენტმა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ვერ შეძლეს არჩევნების წინ სიმშვიდის შენარჩუნება. თუმცა, განცხადებაში მას სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ცნობები არ უხსენებია.
„მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება“, – დასძინა ზურაბიშვილმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა ჰყავდა მხედველობაში.
პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაც გააკრიტიკა. ქართული ოცნების პრესკონფერენციებთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა უარყვეს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი“.
„დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ“, – დასძინა მან. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ დესტაბილიზაციის მცდელობები აღკვეთოს, არ მისცეს გზა პოლარიზაციას და „მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემო“ უზრუნველყოს.
აღნიშნა რა, რომ „სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია“, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მოქალაქეების გვერდით დგას, „არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას ვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ“.
საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე უამრავი დაპირების შემდეგ, სააკაშვილმა თავის Facebook-ის გვერდზე დღეს დილით დაწერა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. მოგვიანებით მან ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)