ქვეყნის პირველმა პირება, მათ შორის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის სპიკერმა, კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს და მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთეს.
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ, რომ ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ რომ აირჩიონ თავთავიანთ ადგილზე – დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა“.
ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრი: „ვფიქრობ, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“.
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „თქვენ როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი ორი თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს“.
კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარე: „რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება. უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად. ყველას მიეცეს საშუალება, გამოთქვას თავისი ნება, გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს არის, რასაც ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“.